მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს არის დიპლომატიური სანქცია" - მკვლევარი განმარტავს აშშ-ის სავიზო გადაწყვეტილების მიზეზებს

ზვიად აძინბაია

"ეს არის დიპლომატიური სანქცია" - ასე აფასებს ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლის დიპლომატიის პრაქტიკის მკვლევარი ზვიად აძინბაია ამერიკის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც საქართველო იმ 12 ქვეყნის სიაში ხვდება, რომელთაც სავიზო დეპოზიტის პროგრამა დაემატათ. პროგრამის მიზანი იმ პირთა რაოდენობის შემცირებაა, რომლებიც აშშ-ში ვიზის ვადის ამოწურვის შემდეგ უკანონოდ რჩებიან.

მკვლევარი სვამს კითხვას - რატომ მოხვდა საქართველო აღნიშნული ქვეყნების ჩამონათვალში მაშინ, როდესაც შესაძლოა სხვა ქვეყნებსაც B1/B2 ვიზის მიღების შემდეგ, ამერიკაში დარჩენის საქართველოს მსგავსი ან უფრო დიდი მაჩვენებელი ჰქონდეთ, თუმცა ისინი ამ ქვეყნების კლუბში ვერ ხვდებოდნენ. მისივე თქმით, არსებობს ქვეყნების ჯგუფი, რომელიც მხოლოდ იმიტომ გიშვებს თავის ქვეყანაში, რომ აშშ-ის ვიზა გაქვს - „წარმოიდგინეთ, ამ დონიდან "შავ სიაში" რომ ხართ. რანაირად უნდა ავუხსნა მაგალითად იაპონიას, ავსტრალიას ან სამხრეთ კორეას, რომ ვიზის მიღება გამიმარტივოს", - განაცხადა მან. მისივე შეფასებით, საქართველო ძალიან ცუდ კლუბში აღმოჩნდა, რასაც არ ვიმსახურებთ.

„ჩვენ არცერთ ქვეყანას არ დავაკნინებთ თუ ვიტყვით, რომ ქვეყნების ის კატეგორია, რომლებიც ამ პოლიტიკის პირველადი სამიზნეები არიან, კლუბში იყვნენ და არიან, ვიდრე საქართველო იყო და უნდა იყოს, რომელიც აშშ-ის არამხოლოდ ემეგობრებოდა, არამედ მისი მოკავშირე იყო.

ეს არის დიპლომატიური სანქცია, მსგავსი შეზღუდვა საკონსულოსთან ერთად ბევრ შემთხვევაში არის დიპლომატიური სანქცია. ყველა ადამიანმა, რომელსაც საქართველო მოხვდა თვალში ამ ჯგუფში, სადაც ჩვენ მოვხვდით, უნდა იკითხოს, რატომ დაუწესეს ეს დიპლომატიური სანქცია“, - ამბობს ზვიად აძინბაიამ და დასძენს, რომ საქართველო სტრატეგიული მოკავშირიდან სტრატეგიულ მოწყვლად ჯგუფში გადავიდა, - „საქართველო ამერიკის სტრატეგიული მოკავშირე იყოს ძალიან ბევრი წელი“.

ამასთან, როგორც მკვლევარმა გადაცემა „ანალიტიკაში“ განმარტა, როდესაც სავიზო პირობების დარღვევის მაღალი მაჩვენებელია რომელიმე კონკრეტული ქვეყნიდან, მსგავსი წუხილების შესახებ სახელმწიფო სახელმწიფოს გადასცემს ხოლმე საემიგრაციო და საპასპორტო დონეზე, რაც მისივე თქმით, საქართველოსა და ამერიკის შემთხვევაში, არ ყოფილა.

„გახსენდებათ, რომ ვინმეს ერთი მოწოდება გაეკეთებინა, რომ ჩვენ ამისთვის დიპლომატიური ფასის გადახდა შეიძლება მოგვიწიოს?! ერთი განცხადება, პრესკონფერენცია ან ბრიფინგი, რომ - ძვირფასო მოქალაქეებო, გთხოვთ, თავი შეიკავოთ აშშ-ში დარჩენისგან, ვადის გადაცილებისგან და ა.შ. ახლა არ არის მართებული, ამ გადაწყვეტილებაში საკონსულო საკითხს ჩავეძიოთ.. ამაში უნდა ვეძიოთ უგულებელყოფის და უმეტესად იმის ბრალი, რომ საქართველოს ძალიან ცუდი რეპუტაცია აქვს შეერთებული შტატების ბიუროკრატიასთან უკვე მეორე ადმინისტრაციაა“, - დასძინა მან.

ზვიად აძინბაია ყურადღებას ბოლო პერიოდში საქართველოდან აშშ-ში ხელისუფლების წარმომადგენლების ვიზიტზე ამახვილებს და აღნიშნავს, რომ მათი თქმით, ისინი ვაშინგტონთან ურთიერთობებს აუმჯობესებენ, თუმცა მკვლევარი აღნიშნავს, რომ გაუმჯობესებული ურთიერთობები არ იგრძნობა.

„დიპლომატიური გურუობა არ სჭირდება იმას, რომ ადამიანმა პასუხი გასცეს ერთ კითხვას - რა არის დიპლომატია? ეს არის მინიმუმ ორი რამ: სახელმწიფოს წარდგენა იქ, სადაც საჭიროა, და მეორე - ზიანის არიდება და შესაძლებლობის შექმნა. როგორც წესი, ყველანაირი სიგნალი არის ხოლმე - საკონსულო, უსაფრთხოების შიდა სამსახურების, ურთიერთობის დონეზე, გულწრფელად ხდება ეგეთი დეტალების გაცვლა ხდება. გვინახავს ევროკავშირის ქვეყნების - გერმანიის, საფრანგეთის მხრიდან რომ გადინებასთან დაკავშირებით პრობლემა იყო. იგივე კომუნიკაცია ბევრ შემთხვევაში შეიძლება უფრო სხვანაირადაც, თუმცა უფრო ადრეც ხდება. ვაშინგტონში ჭორის დონეზე კაფეებშიც კი გაიგებდით ამას, რომ ვიღაც წუხს სახელმწიფო დეპარტამენტში, ამას სპეციალური ურთიერთობები არც სჭირდება. მით უმეტეს ახლა ჯგუფი იყო საქართველოდან ჩასული. ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენ ურთიერთობებს ვაუმჯობესებთო? სად არის გაუმჯობესებული ურთიერთობა, რას ნიშნავს გადატვირთვა? ორი სხვადასხვა ჯგუფი იყო ჩასული. ყველას ვიცნობ, კითხვა მაქვს, როგორც მოქალაქეს: რატომ გვიწესებს ქართველი ხალხის მეგობარი და საქართველოს ყოფილი მეგობარი დიპლომატიურ სანქციას, თქვენ როგორც დიპლომატები რას აკეთებთ ამისთვის?“, - სვამს კითხვას ზვიად აძინბაია და დასძენს: "ეს არ არის სასწაულად პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს არის საშუალოდ ბიუროკრატიული გადაწყვეტილება, თუ ამის რევერსირება ვერ შეძელი, მაშინ...? ამას მუშაობა სჭირდება".

წამყვანის კითხვაზე, რამდენად რთულია ამ გადაწყვეტილებას რევერსირება, მკვლევარმა აღნიშნა, რომ „იმდენად მარტივია, რამდენადაც ნდობის აღდგენა“.

„ჩემი აზრით, საქართველოს საგარეო სამინისტროს, ოღონდ მომავალს უნდა ეწეროს, „გველსა ხვრელით ამოიყვანს, ენა ტკბილად მოუბარი“. ამაზე უფრო დიპლომატიური ფრაზა ძალიან ცოტა არსებობს დედამიწაზე. თუმცა ტკბილად მოუბარ ენას სანდო რეპუტაცია სჭირდება. თუ სანდოობას ვერ ასხივებ ქვეყნის გარეთ, ფაქტობრივად, დიპლომატიის ყველა უნარი შეზღუდული გაქვს“, - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები