მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს არის ერთეული შემთხვევები" - ვიქტორ წილოსანი პარკინგის ადგილების შემცირებაზე

პარკირება

თბილისში ერთ საპარკინგე ადგილზე 24 მანქანა მოდის - ბოლო 5 წელში, დედაქალაქში რეგისტრირებული მანქანების რაოდენობა +31%-ით გაიზარდა ხოლო პარკირების ადგილი -11%-ით შემცირდა. ასეთია სტატისტიკა, რომელსაც IDFI თბილისის მერიისგან მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. თუმცა თბილისის მერი ამტკიცებს, რომ დედაქალაქში პარკირების პრობლემა არ არის.

დედაქალაქის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში ამბობენ, რომ პარკირების ადგილების შემცირება ძირითადად ტროტუარებზე არსებული საპარკინგე არეალების გაუქმების და საავტობუსე ზოლების მოწყობის ხარჯზე შემცირდა. სააგენტოს ხელმძღვანელის ვიქტორ წილოსანის შეფასებით, ასეთი მხოლოდ ერთეული შემთხვევები იყო.

“პარკირება არის სატრანსპორტო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი და ყველა განვითარებულ ქალაქში გამოიყენება მობილობის მართვის ერთ-ერთი ინსტრუმენტი. თუმცა ვინაიდან ჩვენთან არ არის გამართული ინფრასტრუქტურა გადაადგილებისთვის, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ზოლები არ არის სრულად დასრულებული, ასევე ხშირად გვაქვს ისეთი ადგილები, სადაც არ არის ტროტუარები, ასევე ველობილიკებთან დაკავშირებით არის ძალიან ბევრი პრობლემები, აქედან გამომდინარე, ვინაიდან ჩვენ ვართ რეფორმის პროცესში, პარკირებას არ ვიყენებთ მართვის ინსტრუმენტად. იმიტომ რომ ავტომობილით გადაადგილება შეგვეზღუდა, პარკირება არცერთ ლოკაციაზე არ გაგვიუქმებია.

პარკირება გაუქმდა მხოლოდ ტროტუარებზე, სადაც დაშვებული იყო პარკირებები. შესაბამისად, თუ თქვენ ნახავთ განკარგულებებს შეგიძლიათ დააზუსტოთ და ჩაეძიოთ პროცესს ეს არის მხოლოდ ტროტუარებზე და მხოლოდ იმ ადგილებში, სადაც მოხდა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ზოლის შექმნა. შესაბამისად, იმ ტერიტორიაზე გადაადგილებისთვის ხელს უშლიდა ზოლის შექმნას. გვქონდა 2 ალტერნატივა ან შეგვემცირებინა საავტომობილო ზოლი, ან გაგვეუქმებინა პარკირება იმისთვის, რომ სრულყოფილად შემდგარი იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ზოლი. ჩვენ პრიორიტეტი მივანიჭეთ პარკირების გაუქმებას. თუმცა ეს არის ერთეული შემთხვევები და არა ასეული და მასშტაბური.” - ამბობს ვიქტორ წილოსანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები