ხევსურეთში, სოფელ კორშაში მდებარე საოჯახო სასტუმროს, „გამა“ თანადამფუძნებელი, ნინო გოგინაშვილი BM.GE-სთან რეგიონის გამოწვევებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ხევსურეთში მრავალი ხელშემშლელი ფაქტორია, რაც არა მხოლოდ ბიზნესის წარმოებაში, არამედ ყოფით ცხოვრებაში მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნით.
მისი შეფასებით, სახელმწიფო უწყებები და პასუხისმგებელი პირები არაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ რეგიონი განვითარდეს და სოფელში მცხოვრებ ისედაც მცირე რაოდენობის ოჯახებს, ცხოვრება გაუმარტივონ.
„მთავრობა 2-3 წელი ხევსურეთში გზას აკეთებდა, მაგრამ იმდენად უხარისხოდაა ასფალტი დაგებული, რომ ადგილ-ადგილ ამოჭრილია. რა კომპანია არ შემოვიდა ხევსურეთში, რომ გზა გაეკეთებინა, მაგრამ მაღალმთიანი ხევსურეთისკენ გზა არ არის შესაბამისი და საჭიროა ორ ხიდიანი მანქანით სიარული. არადა, რაიონს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. სვანეთის დონის მთებია. სვანეთში რომ წახვიდე, 500 კილომეტრი მაინც უნდა გაიარო, აქ კიდევ თბილისიდან 100 კილომეტრშია შესაძლებელი საოცარი ადგილების ნახვა. ასევე პრობლემაა ის, რომ გაზი არ გვაქვს და გაზის ბალონს დავათრევთ, იმ ბალონს ვტენით და საჭმელს იმაზე ვამზადებთ.
გარდა ამისა, დენი ხშირად ქრება და არავინ გვეუბნება, როდის მოვა ხოლმე, ენერგო პროში როდესაც ვრეკავთ, ვერც კი იგებენ რომელი რეგიონიდან ვურეკავთ, იმდენად გაუთვიცნობიერებლები არიან. არანორმალურად დაბალი ძაბვის დენი მოგვეწოდება. იმისათვის, რომ სარეცხის მანქანა ჩავრთო, საჭიროა სახლში არსებული ყველა ელექტროენერგიაზე მომუშავე ტექნიკა, იქნება მაცივარი, მადუღარა, სარეცხი მანქანა და თუ სხვა ტექნიკა გავთიშო.
თუ გაზი არ იქნება კარგი ხარისხის, დენი მაინც გვქონდეს ნორმალური. ისეთი დაბალი ძაბვის დენია, რომ ტელეფონებსაც ძალიან დიდი დრო სჭირდებათ იმისათვის, რომ დაიტენოს. არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, სახელმწიფო რას აკეთებს ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად“,- აცხადებს საოჯახო სასტუმროს თანადამფუძნებელი.
გოგინაშვილი რეგიონში არსებულ პარადოქსულ მდგომარეობაზე საუბრობს. კერძოდ, რეგიონში 4 ჰესი დღე და ღამე განუწყვეტლივ მუშაობს. თუმცა სახელმწიფო არ ცდილობს, რომ ადგილობრივებს ამ ჰესებიდან ელექტროენერგია მიაწოდოს, თუნდაც გადასახადის სანაცვლოდ. მაშინ, როდესაც, სვანეთში მოსახლეობას ჰესის არსებობის გამო ელექტროენერგია უფასო აქვთ, რადგან ჰიდროელექტროსადგური, რეგიონში არსებული რესურსების ხარჯზე ფუნქციონირებს.
„მართლა პატრონი რომ არ ჰყავს ამ ქვეყანას. ჟინვალს მთის სტატუსი აქვს, შესაბამისად მთის სტატუსის შესაბამისი ტარიფით იხდიან კომუნალურებს, როდესაც ჩვენ, ხევსურეთში გადასახადებს თბილისის ტარიფებით ვიხდით. ეს არის ღმერთისგან მივიწყებული კუთხე.
რეგიონში ძირითადად მოხუცები ცხოვრობენ. მუშახელის დაქირავებაც რომ დამჭირდეს, სხვა რეგიონიდან მომიწევს დამხმარის წამოყვანა, რაც კიდევ დამატებით ხარჯია. ვმუშაობთ ენთუზიაზმზე. გვინდა, რომ ჩვენი რეგიონი ყველას გავაცნოთ. თუმცა გამოწვევებიდან გამომდინარე, ერთხელ მოსული ადამიანი ბუნებრივია მეორედ ან მესამედ აღარ მოვა,"- აღნიშნავს გოგინაშვილი.
საოჯახო სასტუმროს თანადამფუძნებლის ინფორმაციით, იმისათვის, რომ ელექტროენერგიის პრობლემა აღმოეფხვრათ, მათ სააგენტოში „აწარმოე საქართველოში“ ორჯერ მზის პანელების დამონტაჟების საკითხზე, 28 000 ლარის ოდენობის გრანტის მოთხოვნაზე განცხადება დაწერეს, თუმცა ტურისტულმა ობიექტმა ორივეჯერ უარი მიიღო.
ინფორმაციისთვის, სოფელ კორშაში მდებარე საოჯახო სასტუმრო, „გამა“ 2019 წლიდან ოპერირებს. მის სრულად მოსაწყობად კი ჯამში 100000 დოლარის ინვესტიცია განახორციელეს. სასტუმრო 6 ნომერს მოიცავს და ჯამში 18 სტუმრის მასპინძლობა შეუძლია.