მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეს არის გზა მომავალი თაობების განათლების მოსპობისკენ - საბა ბრაჭველი

იურისტი

იურისტი საბა ბრაჭველი "ოცნების" მიერ დაანონსებული საუნივერსიტეტო განათლების რეფორმის მოსალოდნელ შედეგებთან დაკავშირებით მოსაზრებას აქვეყნებს. მისი თქმით, როგორც ჩანს, დაგეგმილია საუნივერსიტეტო პერსონალის შემცირება და წმენდა. რაც შეეხება 12-წლიანი საშუალო განათლების 11 წლამდე შემცირების გეგმას, ბრაჭველი ფიქრობს, რომ ეს უცხოეთში პირდაპირ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას მოსპობს.

იურისტის მოსაზრებას გთავაზობთ სრულად:

"საუნივერსიტეტო განათლების რეფორმის პრეზენტაცია, პროპაგანდის წესების შესაბამისად, ყველაზე მიმზიდველი შედეგის ფრიალით დაიწყეს - პროფესორის ხელფასი 10 ათასი ლარი გახდებაო. ზოგიერთმა კარგმა მედიამაც ყველაზე მეტად ეს აიტაცა და გააშუქა.

თუ ამ შედეგის გამომწვევ მიზეზებს ჩავყვებით, ვნახავთ, რომ დაგეგმილია საუნივერსიტეტო პერსონალის დიდი შემცირება და წმენდა. ჰაერზე კი არ იზრდება რამე - პროფესორების ადგილების გამოთავისუფლების ხარჯზე გაიზრდება დარჩენილების ხელფასი. ადგილის შენარჩუნების სანაცვლოდ მათ კარგ შემთხვევაში - პასიური დუმილი, უფრო სავარაუდოდ კი - აქტიური მორჩილება მოუწევთ. თავიანთი პროპაგანდისტების დასასაქმებლადაც კარგი შესაძლებლობაა. მით უმეტეს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებს უცხოელი პროფესორების მოწვევაც აეკრძალებათ.

ფაკულტეტების და პროფესურის შემცირება ასევე ნიშნავს სტუდენტების რაოდენობის შემცირებას. უმაღლესი განათლების დონე ჩვენს ქვეყანაში ახლა შველას საჭიროებს, მალე კი - საშველიც აღარაფერი იქნება, რადგან თავად უმაღლესი განათლების მიღება გახდება იშვიათობა. განათლების მიღების გარეშე შემცირდება კრიტიკული აზროვნების ისედაც სავალალო მაჩვენებელი, რაც ტვინის რეცხვისა და პროპაგანდისთვის კიდევ უფრო ნოყიერ ნიადაგს შექმნის.

და თუ ვინმეს შვილი აქაურ სკოლას დაამთავრებს იმ იმედით, რომ პირდაპირ უცხოეთში გააგრძელოს სწავლა, ცუდი ამბავია აქაც - 12-წლიანი სასკოლო ციკლის შემცირების გამო საშუალო განათლების საერთაშორისო აღიარებაც გაჭირდება. ჯეროვანი განათლების მიღებამდე ჯერ პროპაგანდისტების ტვინის რეცხვის მოსმენა მოუწევს. (UPDATE: ამის პასუხად კობახიძემ თქვა, რა პრობლემაა, მშობლები ადგნენ და ჯერ მე-12 კლასი დაამთავრებინონ ბავშვს უცხოეთშიო). ეს არის დღევანდელი პრეზენტაციის მთავარი შინაარსი და არა 1-2 გადარჩეული პროფესორისთვის გასაზრდელი ხელფასი. ეს არის გზა მომავალი თაობების განათლების მოსპობისკენ".

16 ოქტომბერს "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაცია გამართა. მისი თქმით, იგეგმება, რომ ერთი ფაკულტეტი იქნება შექმნილი მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში. ასევე, თბილისთან ერთად უნდა შეიქმნას მეორე ძირითადი საუნივერსიტეტო კერა და ეს არის ქუთაისი. ამასთან, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სკოლებში 11- წლიან სასწავლო პროგრამა იქნება, ბაკალავრიატი 3-წლიანი, მაგისტრატურა 1-წლიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები