რესპუბლიკურ საავადმყოფოს ეზოში კლინიკის პერსონალი აქციას მართავს. როგორც კლინიკის თანამშრომლები ამბობენ, ისინი კლინიკის დაანონსებულ დანგრევას აპროტესტებენ.
საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელმა, ნინო ოთარიშვილმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ეს პერსონალის ტერიტორიიდან გაყრაა, მიზანი კი, ქალაქის ცენტრში არსებული ტერიტორიის მიმართ ინტერესია.
"შეთავაზებებს ბრმად ხელს არავინ მოაწერს. შეიძლება გაგვიშვან ისეთ ადგილას, საიდანაც ერთ თვეში თვითონ წამოვალთ. ჩვენი მოთხოვნაა, არ დაინგრეს ეს საავადმყოფო. მოგვცენ მუშაობის გაგრძელების უფლება. ბევრი საავადმყოფოს პრეცედენტია, როცა მთელი კოლექტივი გადაიყვანეს სხვა შენობაში. ამ ქვეყანაში, მსგავსი პრეცედენტი ბოლოს და ბოლოს თეატრებზე არსებობს. სანამ მათი შენობის რემონტი იყო, სხვა შენობაში აგრძელებდნენ მუშაობას. რატომ გახდა რესპუბლიკურის კოლექტივი ასეთი უპრეცედენტო? ეს არის გაყრა, რადგან ვფიქრობთ, რომ უბრალოდ ეს ტერიტორია სჭირდებათ. ახალი საავადმყოფო უნდა აშენდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ეს შენობა დაინგრეს. როცა ამდენი ფართია უკან და ამ დროს, ,,ავერსი" ძალიან მცირე ტერიტორიაზე უკვე მესამე კორპუსს აშენებს ძალიან დიდი ეჭვი გვაქვს, რომ აქ საავადმყოფო საერთოდ არ შენდება და არსებობს მხოლოდ ტერიტორიის ინტერესი, ამიტომ სჭირდებათ სასწრაფოდ ჩვენი აქედან მოცილება", - განაცხადა ოთარიშვილმა აქციაზე.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ილია ღუდუშაურის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალს ორი კვირა ექნება იმისთვის, რომ აირჩიონ კონკრეტული შეთავაზება/კომპენსაცია. დასაქმებულები კი, აქციაზე ამბობენ, რომ შეთავაზების მიღებას არ გეგმავენ.