ონლაინ ტურისტულმა სააგენტო Booking.com-მა ორგანიზაციული სტრუქტურის გადახედვის ფარგლებში, შეიძლება სამუშაო ადგილები შეამციროს. ამის შესახებ კომპანიამ 9 ნოემბერს განაცხადა. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს.
განცხადებაში კომპანიამ აღნიშნა, რომ განხილვის პროცესის ადრეულ ეტაპზეა და მტკიცე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
„ეს არის რთული, მაგრამ აუცილებელი პროაქტიური ნაბიჯი, რათა Booking.com დარჩეს მოხერხებული და ძალიან კონკურენტუნარიან ინდუსტრიაში. ამასთან, მომხმარებელზე ფოკუსირებული ინოვაციური განვითარება უზრუნველყოს“, - ნათქვამია განცხადებაში.
Booking Holdings-ის წლიური ანგარიშის მიხედვით, ჰოლდინგმა 2023 წლის ბოლოს, დაახლოებით 23,600 ადამიანი დაასაქმა. ცვლილებები კი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც Booking Holdings-მა მესამე კვარტალში 13.6%-იანი საოპერაციო ხარჯების ზრდა გამოაცხადა. Booking Holdings-მა დასძინა, რომ ორგანიზაციულ ცვლილებებს სისტემურ მოდერნიზაციასა და შესყიდვების ოპტიმიზაციაზე გავლენა ექნება.
Booking Holdings-მა აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიაში წარდგენისას განაცხადა, რომ იგი ელოდება დამატებით დეტალებს, რათა თანამშრომლებს მიაწოდოს ინფორმაცია და მისცეს დრო.
კომპანიის წარმომადგენლის თქმით, მიმოხილვა შეეხო მხოლოდ Booking.com-ს და არა მის სხვა ბრენდებს, როგორიცაა Priceline, Agoda, Kayak და OpenTable.