მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ეს არის სამართალდამცველების კომპეტენცია" - კობახიძის პირველი კომენტარი მიქაუტაძის საქმეზე

კობახიძე

"ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რომეო მიქაუტაძესთან დაკავშირებულ საკითხზე პირველი კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მსგავსი საქმეების შესწავლა და მათზე რეაგირება სამართალდამცველი უწყებების პასუხისმგებლობაა.

„მე ვერ შევალ კონკრეტული საქმის დეტალებში. ეს არის სამართალდამცველების კომპეტენცია და ისინი შეისწავლიან ასეთ საკითხებს და რეაგირებენ ასეთ საკითხებზე. ზოგადად, რა თქმა უნდა კორუფციასთან ბრძოლა რჩება ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად. ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი გაჟღერებული, რომ გვინდა კორუფციის სიმცირით ევროპის სამეულში შევიდეთ.

ამ კუთხით ბევრი ცვლილება განხორციელდა საქართველოს მთავრობაში, ზოგადად ხელისუფლებაში. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მაქსიმალურად ვებრძოლოთ კორუფციას. კორუფცია აფერხებს ქვეყნის განვითარებას. შესაბამისად ეს [კორუფციასთან ბრძოლა] უნდა დარჩეს უმთავრეს პრიორიტეტად", - განაცხადა კობახიძემ.

მედიამ "ოცნების" პრემიერს ჰკითხა, გამოიკითხნენ თუ არა ლევან დავითაშვილი და პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე, რომლებიც სხვადასხვა დროს მისი ხელმძღვანელები იყვნენ.

„არ ვიცი, რა შუაშია კახა კალაძე? „თბილსერვისში“ კი ბატონო. რაც შეეხება გამოძიებას, გამოძიება უკავშირდება ეკონომიკის სამინისტროში კონკრეტული პირის საქმიანობას. რაც შეეხება დავითაშვილს, მის კეთილსინდისიერებაში არავის ეპარება ეჭვი“, - აღნიშნა კობახიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს ბრალი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე წარუდგინა.

პროკურატურის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე 2017 წლიდან 2024 წლამდე პერიოდში იკავებდა რა სხვადასხვა უწყებაში მაღალ თანამდებობებს, სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

სამართალდამცველებმა რომეო მიქაუტაძე 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები