მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ეს არის საქართველოს ევროპულ გზაზე მორიგი მუხრუჭი" - მირზიაშვილი PACE-ში მუშაობის შეწყვეტაზე

მირზიაშვილი

„განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ (CDD) გამგეობის თავმჯდომარე, მიხეილ მირზიაშვილი “ქართული ოცნების” მიერ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) მუშაობის შეწყვეტას საქართველოს ევროპულ გზაზე მორიგ მუხრუჭად აფასებს. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემაში „ანალიტიკაში“ განაცხადა.

“არ არსებობს ევროკავშირის წევრი, რომელიც არ არის ევროპული საბჭოს წევრი. ევროპულ საბჭოში, რომელიც დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებებს იცავს, საქართველოს ყოფნა ევროკავშირში ინტეგრაციის გაცხადებულ სურვილს ემსახურება. რაც ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ამიტომ დგას საქართველოს დელეგაციის ცნობის პრობლემა და იმიტომ იყო დათქმა, რომ შემდგომ სესია იმის მიხედვით ჩატარდება, თუ რა ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება მმართველი პარტიის მიერ. თუმცა რა რეაქციაც ჰქონდა ამ ხალხს, ვინც დელეგაციას ირქმევს, იქიდან შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ეს პირობები არ შესრულდება. ასეთი განზრახვა არ არის“, - ამბობს CDD-ის გამგეობის თავმჯდომარე.

29 იანვარს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) მუშაობას წყვეტს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა სტრასბურგში მას შემდეგ განაცხადა, რაც PACE-მ საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუცია მიიღო. 2025 წლის ზამთრის პლენარული სესიის გახსნის დღეს საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება გასაჩივრდა. საბოლოოდ, PACE-მ გადაწყვიტა, რომ „ქართული ოცნების” დელეგაციას მომდევნო სესიამდე შეზღუდული უფლებამოსილება ექნებოდა, სრულად რატიფიცირებისთვის კი კონკრეტული წინაპირობები უნდა შესრულდეს დემოკრატიულ გზაზე დასაბრუნებლად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები