მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ეს არის შავი დღე საქართველოს მიმართ ამერიკის დახმარების ისტორიაში“ – პაპუაშვილი სუს-ის განცხადებაზე

შალვა პაპუაშვილი

„ეს არის შავი დღე საქართველოს მიმართ ამერიკის დახმარების ისტორიაში“ - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპიაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დღეს გაჟღერებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოში რევოლუციური მიზნებისთვის ახალგაზრდების გადასამზადებლად კონკრეტული პირები ქვეყანაში  USAID-ის მხარდაჭერით ჩამოვიდნენ. ამის შესახებ მან საკანონმდებლო ორგანოში გამართულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

შალვა პაპუაშვილმა, "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მსგავსად განაცხადა, რომ USAID-მა სუს-ის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებები უნდა გააკეთოს.

„ეს არის შავი დღე საქართველოს მიმართ ამერიკის დახმარების ისტორიაში, როდესაც ვხედავთ, რომ როგორც ჩანს, ამერიკელი ხალხის ფული აქ გამოყენებულია იმისთვის, რომ მოხდეს რევოლუციური პროცესების დაგეგმვა, მოხდეს ადამიანების მიზანმიმართული მომზადება არეულობისა და ძალადობის პროვოცირებისთვის. სამწუხაროა, რომ ამაში ამერიკელი ხალხის ფულია ჩართული. ამიტომ მნიშვნელოვანია შესაბამისი განმარტებები გაკეთდეს USAID-ის მხრიდან, რომელიც უკვე მერამდენედ ეხვევა ასეთ სკანდალში. აქამდე ვნახეთ, რომ ის ე.წ. პარალელური დათვლის შედეგები, რომელიც ISFED მიერ 2020 წელს იყო გამოქვეყნებული, ის ყალბი შედეგები, მაშინ არეულობის საფუძველი იყო. გავარკვიეთ, რომ ISFED ხელმძღვანელის მხრიდან იყო ნათქვამი, რომ მისმა დონორმა - USAID-მა იცოდა, რომ შედეგები, რომელიც საჯაროდ ვრცელდებოდა ყალბი იყო და ამას ქართველ ხალხს უმალავდა, არც ეუბნებოდა ხელისუფლებას და ხალხს.

USAID-ის წარმომადგენლობას ამაზე დღემდე კომენტარი და განმარტება არ გაუკეთებია, თუ რატომ უმალავდნენ ქართველ ხალხს, რომ პარალელური დათვლის შედეგები ყალბი იყო. ხედავდნენ, რომ ეს ყალბი პარალელური დათვლის შედეგები არეულობის საფუძველი იყო.

ახლა გააკეთონ განმარტებები, რატომ მიდის ამერიკელი ხალხის და გადასახადის გადამხდელების ფული სხვა ქვეყანაში არეულობის ინსპირაციის ჯგუფების მომზადებისთვის, რომელთაც არეულობა უნდა დაგეგმონ და ძალადობის პროვოცირება უნდა მოახდინონ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოში ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი რევოლუციური სცენარის მომზადების შესახებ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სუს-ის ინფორმაციით, ორგანიზებისა და ადგილობრივად რევოლუციური მიზნების განხორციელებისთვის ახალგაზრდების გადამზადებისთვის გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი“.

სუს-ის განცხადებაში აღნიშნულია რომ ქვეყანაში რევოლუციური მიზნების განხორციელებისთვის მოქალაქეების გადამზადებისთვის USAID-ის მხარდაჭერით ჩამოვიდნენ პირები, რომელიც 29 სექტემბერს დაიკითხნენ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები