“ეს კანონპროექტი შეუთავსებელია ევროპულ ნორმებთან და ღირებულებებთან. შესაბამისად, მისი ამ სახით მიღების შემთხვევაში ევროკომისიას გაუჭირდება გასცეს პოზიტიური შეფასება საქართველოსთან მიმართებით,” - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ.
ევროკავშირის ელჩი აღნიშნავს, რომ “ქართული ოცნების” მიერ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი თავისი შინაარსით არც ევროპული და არც ამერიკულია. ამასთან, დიპლომატი აცხადებს, რომ საქართველოს ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესრულებისთვის სულ უფრო ცოტა დრო რჩება, რადგანაც ევროკომისიამ საკუთარი შეფასება მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა გამოაქვეყნოს, ხოლო დეკემბერში ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა ამ შეფასებებზე დაყრდნობით მიიღონ გადაწყვეტილება, გაიხსნას თუ არა გაწევრიანების მოლაპარაკებები საქართველოსთან.
პაველ ჰერჩინსკის თქმით, 9 დათქმის შესრულების პროცესთან მიმართებით უცხოური გავლენების კანონპროექტის შემოტანამ მნიშვნელოვანი გაურკვევლობა გააჩინა.
“საგარეო საქმეთა საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერის განცხადება ძალიან ნათელი იყო. ეს განცხადება გავრცელდა ამ საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენიდან მხოლოდ 24 საათში. სერიოზულად შეშფოთებული ვართ. გამჭვირვალობის შესახებ ლეგიტიმური შეშფოთება არ უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შეზღუდვისა და სტიგმატიზაციის საბაბი. სიტყვის თავისუფლება, მედიის თავისუფლება აბსოლუტურად აუცილებელია ყველა დემოკრატიისთვის, მათ შორის განსაკუთრებით საქართველოსთვის, ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნისთვის. უბრალოდ, ეს კანონი არ არის კარგი. ეს არ არის არც ევროპული კანონი და არც ამერიკული კანონი. მე მესმის შეშფოთება გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, მაგრამ ასევე მესმის, რომ არსებობს სხვა გზებიც გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. ჩვენ ყველა ვემხრობით გამჭვირვალობას, მაგრამ ეს არ უნდა განხორციელდეს იმ ძალიან კარგი, ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი სამუშაოს შეზღუდვის ხარჯზე, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს მოსახლეობის საკეთილდღეოდ ასრულებენ,”- განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.