ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან სამი სრულად შესრულდა, შვიდი ნაწილობრივ, ორი რეკომენდაციის შემთხვევაში კი, ტემპის აჩქარებაა საჭირო, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ელჩის შეფასებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად დარჩენილი რეკომენდაციების შესასრულებლად საქართველოს, ჯერჯერობით, დრო აქვს.
“რამდენიმე კვირის წინ, ევროკომისიამ ე.წ. “ზეპირსიტყვიერი განახლება” წარმოადგინა. ევროკომისიის შეფასებით, 12 რეკომენდაციიდან სამი სრულად შესრულდა. ორი რეკომენდაციის შემთხვევაში, რომელიც მედიის თავისუფლებას და დეოლიგარქიზაციას გულისხმობს, საჭიროა ტემპის აჩქარება. დარჩენილი შვიდი რეკომენდაციის შემთხვევაში დაფიქსირდა გარკვეული პროგრესი, მაგრამ ჩვენ დამატებით პროგრესსაც ველოდებით. როგორც ხედავთ, ვითარება არაერთგვაროვანია, რაც, ჩემი შეფასებით, დადებითი მოვლენაა. ანგარიშს ევროკომისია ოქტომბერში გამოაქვეყნებს, ასე რომ დრო ჯერ კიდევ არის. სულმოუთმენლად ველოდებით, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო უმაღლეს პოლიტიკურ, ანუ მთავრობებისა და სახელმწიფო ლიდერების დონეზე ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების შემდეგ ნაბიჯებთან დაკავშირებით. ეს გადაწყვეტილება დეკემბერში გახდება ცნობილი და იმედი მაქვს, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველო კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წაიწევს, რაც კანდიდატის სტატუსს ნიშნავს. თუმცა ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა ხელთაა”, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
შეგახსენებთ, საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 2022 წლის 3 მარტს, უკრაინის და მოლდოვის კვალდაკვალ წარადგინა, თუმცა მათგან განსხვავებით 2022 წელს ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ვერ მიიღო. ევროკომისიამ სტატუსის მიღების წინაპირობად საქართველოს 12 რეკომენდაციის შესრულება დაუწესა.