მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ეს ბოლო შეხვედრა იყო, ესტაფეტა გადავა საპარლამენტო რეჟიმში" - შოთა ბერეკაშვილი "ფასების კომისიაზე"

შოთა ბერეკაშვილი

"ეს ბოლო შეხვედრა იყო, შესაბამისად ესტაფეტა გადავა საპარლამენტო რეჟიმში", - ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა "ფასების სამთავრობო კომისიის" ნავთობპროდუქტების კომპანიებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ფასების შესწავლას ამჯერად "ფასების საპარლამენტო კომისია" გააგრძელებს. აღსანიშნავია, რომ პარლამენტში შესაბამის კომიტეტს სწორედ შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს.

"როგორც მოგეხსენებათ, პარლამენტში შეიქმნება ფასების შემსწავლელი კომისია და ეს კომისია შეისწავლის ფასებს საკვებ პროდუქტებზე, სწრაფი მოხმარების საგნებზე, მედიკამენტებზე და ასევე საწვავზე. ჩვენი მიზანი არის, რომ ამ კომისიის ფარგლებში შევხვდეთ ბიზნესის წარმომადგენლებს თითოეულ სექტორში, მოვუსმინოთ მათ, ასევე მოვუსმინოთ ექსპერტებს.

გვინდა, რომ ეს პროცესი იყო მაქსიმალურად გამჭვირვალე და ინკლუზიური, რაც შეიძლება საზოგადოების მეტი ნაწილი ჩაერთოს პროცესში და საბოლოო ჯამში, კომისიის მიზანი არის, რომ დეტალურად გავეცნოთ ბიზნესპროცესებს, რა საოპერაციო ხარჯები არის ბიზნესში, რა პრობლემები აქვს ბიზნესს, რომ დავეხმაროთ ბიზნესს, რათა საოპერაციო ხარჯების მაქსიმალურად ოპტიმიზაცია შეძლონ, რაც შედეგობრივად აისახება სამომხმარებლო ფასებზე, კლების დინამიკაზე. მიგვაჩნია, რომ არსებობს რესურსი, თუკი ბიზნესი, საზოგადოება, ექსპერტები, პარლამენტი ერთად მოვინდომებთ, რომ შევძლოთ ფასების შემცირება როგორც სამომხმარებლო პროდუქტებზე, ასევე სწრაფი მოხმარების საგნებზე, ასევე მედიკამენტებზე და ძალიან დადებითად ვართ განწყობილი აღნიშნული პროცესის", - განაცხადა ბერეკაშვილმა.

ცნობისთვის, "ფასების სამთავრობო კომისია" დღეს ნავთობკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისიამ, რომელსაც "ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, პირველი სხდომა 20 იანვარს გამართა. 21 იანვარს კი, "ფასების კომისიის" წარმომადგენლები პროდუქტის მაღალ ფასებთან დაკავშირებით სუპერმარკეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 23 იანვარს "ფასების სამთავრობო კომისიამ" შეხვედრა დისტრიბუტორებთან გამართა. 26 იანვარს - მწარმოებლებს, ხოლო 28 იანვარს ფარმასექტორს შეხვდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები