IMF-ის რეკომენდაცია ისეთი ტრანზაქციების განხორციელების შეზღუდვას ეხება, რომელიც მთავრობის მხრიდან ეროვნულ ბანკზე ზეწოლას დააზღვევს - ასე აფასებს სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი და ყოფილი დეპუტატი, რომან გოცირიძე სავალუტო ფონდის ერთ-ერთ რეკომენდაციას.
საქმე ისაა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიიჩნევს, რომ ეროვნულ ბანკს მთავრობასთან დისკრეციული ფინანსური ტრანსფერების განხორციელების შესაძლებლობა უნდა შეეზღუდოს. ამის შესახებ IMF-ის მიერ გამოქვეყნებულ შემაჯამებელ მიმოხილვაში არის საუბარი.
როგორც რომან გოცირიძემ BMG-ის განუცხადა, ეროვნული ბანკის მიმართ გაცემული რეკომენდაციები, მათ შორის დისკრეციული ფინანსური ტრანსფერების განხორციელების შეზღუდვა, პირდაპირ მიუთითებს იმაზე რომ სავალუტო ფონდს მარეგულირებლის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით არაერთი კითხვა რჩება.
“სავალუტო ფონდის ბოლო ანგარიშში კვლავ არის ხაზგასმული ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის აუცილებლობა. ჩვენ ვიცით, რომ ეროვნული ბანკი ფაქტობრივად გადაიქცა მთავრობის დანამატად. საბჭოს არანაირი ფუნქცია არ აქვს, გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ამის უფლებას სამწუხაროდ, მას კანონი აძლევს. სწორედ ამიტომ ითხოვს სავალუტო ფონდი კანონში ისეთი ცვლილებების შეტანას, როდესაც გაზრდილი იქნება საბჭოს როლი და ეროვნული ბანკი გადავა ერთპიროვნული მმართველობიდან კოლეგიალურ მმართველობაზე.
მეორე რეკომენდაცია ეხება ისეთი ტრანზაქციების განხორციელების [შეზღუდვას], რომელიც მთავრობის მხრიდან ეროვნულ ბანკზე ზეწოლას დააზღვევს. ჩვენ ვიცით, რომ ეროვნული ბანკი დიდ მოგებას იღებს, თუმცა ეს არ არის მისი კარგი მუშაობიდან გამომდინარე. როდესაც ოთხ მილიარდ ნახევარზე მეტ სესხებს აძლევს კომერციულ ბანკებს, ანუ რეფინანსირების სესხებს, ეს სერიოზულ მაკროეკონომიკურ რისკებს უქმნის ქვეყანას. როდესაც სებ-ი კომერციულ ბანკს სესხს აძლევს 8-8.5%-ად, ეს იმას ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკისთვის დიდი შემოსავალი, ოთხი მილიარდის დაახლოებით 8%, რაც 300 მილიონზე მეტია. გარდა ამისა, ეროვნული ბანკი შემოსავლებს იღებს უცხოეთში, უმეტესწილად ამერიკაში ფასიან ქაღალდებსა და ამერიკის ცენტრალური ბანკის ანგარიშზე ფულის განთავსების გზით.
IMF-ის ერთ-ერთი მოწოდება სწორედ ამ მიმართულებას ეხება, რომ დარეგულირებული უნდა იყოს, რა თანხა უნდა მისცეს სებ-მა მთავრობას. ერთ მშვენიერ დღეს რომ არ მიადგეს მთავრობა სებ-ს და არ უთხრას, რომ ახლა ფული მაკლია ბიუჯეტში და პენსიებს ვერ ვარიგებ და მომეცი გაუნაწილებელი მოგება. [ეს საჭიროა, რადგან] ეროვნული ბანკი არ არის დამოუკიდებელი. დამოუკიდებელი ეროვნული ბანკის პირობებში მთავრობა მას ვერ გაუბედავდა და მარეგულირებელი მოიქცეოდა იმ ლოგიკიდან გამომდინარე, რაც მაკროეკონომიკურად მიზანშეწონილია. სწორედ ამას ითხოვს სავალუტო ფონდი, რომ დისკრეციული ტრანსფერები [შეიზღუდოს], რომ არ იყოს ეროვნული ბანკის ნებაზე დამოკიდებული. თავად სებ-ი კი მთავრობის ნებაზეა დამოკიდებული, ეს უნდა დარეგულირდეს კანონით.
ზოგადად, ამ დასკვნაში ჩვენ ვხედავთ, სავალუტო ფონდის პროგრამა იმიტომაც შეჩერდა, რომ მთავრობა არ ასრულებდა აღებულ ვალდებულებას, როგორც ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის, ასევე სახელმწიფო საწარმოების რეფორმის მიმართულებით”, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
ცნობისთვის, მთავრობის მიმართ დისკრეციული ფინანსური ტრანსფერების აკრძალვა შეეხება მთავრობის მიმართ სებ-ის მიერ ისეთი ფინანსური გადარიცხვის განხორციელების შეჩერებას, რომლის შესახებაც თავად სებ-ს დისკრეციულად შეუძლია გადაწყვეტილების მიღება.
მსგავსი დაფინანსება სებ-ს ფაქტობრივად არასდროს გაუცია, თუმცა IMF-ში მიიჩნევენ, რომ უმჯობესია თუკი აღნიშნული კანონმდებლობით იქნება აკრძალული. სწორედ ამიტომ IMF-ი დისკრეციული ფინანსური ტრანსფერების გაცემის შეზღუდვას ითხოვს.




























