მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ეს ერთგვარი საახალწლო საჩუქარია" - ირაკლი კობახიძე ჩამორთმეული მართვის მოწმობების ამნისტიაზე

კობახიძე

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საახალწლო საჩუქარს უწოდებს 30 000-ზე მეტი პირისთვის ჩამორთმეული მართვის მოწმობებზე გამოცხადებულ ამნისტიას.

საქმე ის არის, რომ ირაკლი კობახიძის ინიციატივით, ჩამორთმეული მართვის მოწმობა 35 445 პირს აღუდგება. საპარლამენტო უმრავლესობის შემუშავებული კანონპროექტის მიხედვით, ჩამორთმეული მართვის მოწმობები მათაც დაუბრუნდებათ, ვისზეც შეზღუდვა სიმთვრალის გამო ვრცელდება. ასეთი კი საერთო რაოდენობის თითქმის ნახევარი 18 310 პირია.

"ნებისმიერი ამნისტია არის ჰუმანური აქტი და ეს ეხება მართვის მოწმობებთან დაკავშირებულ ამნისტიასაც", - ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას იმაზე, თუ რა მიზანს ემსახურებოდა აღნიშნული ინიციატივა.

კობახიძემ თითოეულ თანამოქალაქეს მოუწოდა, მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოეკიდონ ავტომობილების მართვის საკითხს.

„ზუსტად, ჰუმანური მოსაზრებიდან გამომდინარე გამოიცა ეს აქტი. მადლობა მინდა, გადავუხადო პარლამენტს მთავრობის ინიციატივის მხარდაჭერისთვის, ეს არის ერთგვარი საახალწლო საჩუქარი 30 000-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქისთვის, რომელთაც შეჩერებული ჰქონდათ მართვის მოწმობა. აქვე მინდა, ვთხოვო და მოვუწოდო ჩვენს ყველა თანამოქალაქეს, რომ მაქსიმალურად პასუხისმგებლობით მოეკიდონ ავტომობილის მართვას და ყველაზე მთავარი პრობლემა არის ავტომობილის მართვა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ, ამას უნდა მოერიდოს ყველა და ეს არის ჩვენი თხოვნა და მოწოდება თითოეული თანამოქალაქის მიმართ“, - განაცხადა პრემიერმა.

აღსანიშნია, რომ "ოცნება" ჩამორთმეული მართვის მოწმობების ამნისტიასთან ერთად, კანონში ინიციირებული ცვლილებებით, 2026 წლიდან ჩამორთმეული მართვის მოწმობების, საფასურის სანაცვლოდ, ვადაზე ადრე აღდგენას აუქმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები