მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ეს FDI არ არის, ეს არის ჩვეულებრივი დეველოპერული პროექტი" - ნიკოლოზ ალავიძე Eagle Hills-ზე

ნიკოლოზ ალავიძე

„ეს ძალიან ცუდი პროექტია წმინდა ფინანსური, ბიზნეს, ანტეპრენერული თუ საქმიანი ხედვით“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ და “ჯეოქეისის” მრჩეველმა ნიკოლოზ ალავიძემ გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში Eagle Hills-ზე საუბრისას აღნიშნა.

მისი თქმით, ეს არ არის პირდაპირი ინვესტიცია, ანუ FDI, ვინაიდან FDI-ს განმარტებასთან ახლოსაც არ მიდის. როგორც მან აღნიშნა, ეს არის ჩვეულებრივი დეველოპერული პროექტი.

„აქ არაჩვეულებრივი არის ორი რამ. პირველი იმიტომ, რომ სახელმწიფო გახდა ანტერპრენერი, ბიზნესმენი და ჩემი, როგორც მეწარმის უშუალო კონკურენტი. საქართველოში სამშენებლო დარგი ძალიან მსხვილია და კარგადაა განვითარებული. ეს დარგი, რომელიც მოიცავს როგორც უძრავი ქონების ბაზარს, ასევე ინფრასტრუქტურულ მშენებლობასაც, მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 20%-ს იკავებს, რაც ძალიან დიდი კონცენტრაცია. რომ გავყოთ, თითქმის 9-10%-ია უძრავი ქონების დეველოპმენტი, რომელიც დამოუკიდებელი აქტორია და სადაც მსხვილი, საშუალო, წვრილი მოთამაშეები არიან. ამიტომ სახელმწიფომ რომ გადაწყვიტა და ამ ბიზნესის კონკურენტი გახდა, გახდა უკვე არასწორი მოთამაშე. შესაბამისად, პროექტს მიენიჭა ნეგატიური კონტექსტი, ვინაიდან მას გააჩნია ინტერესთა კონფლიქტი და ასე შემდეგ.

მეორე - ცუდი პროექტია იმიტომ, რომ ეს ბიზნესი არის წაგებიანი. აბრეშუმის გზის ფორუმის გამოსვლისას, ბატონმა [„იგლ ჰილსის“ დამფუძნებელმა მოჰამედ] ალაბარმა $6.5 მლრდ კი არ ახსენა, $15 მლრდ ახსენა ძალიან ხმამაღლა. ეს განცხადება არ იყო შემთხვევითი, ეს იყო კონკრეტული მოწოდება, როგორც ვენჩურული კაპიტალის ფონდები იხსნება. მაგალითად, ჩვენ გავაკეთეთ ფონდი და ვთქვით 5 მილიარდია ჩვენი ფონდის მოცულობა, ეს არის მიზანმიმართული განცხადება, რადგან ჩვენ მოვუწოდებთ ნებისმიერ სტარტაპს, რათა მოვიზიდოთ და შევაგროვოთ ინფორმაცია. ამას ძაბრის ეფექტი ჰქვია.

ეს ბიზნესგარიგებაა, რომელშიც ფულს დებენ არა საქველმოქმედო, არამედ მოგების მიღების მიზნით. საერთაშორისო სტანდარტებით არის მოგების უკუგების კოეფიციენტები, რომელიც რისკიანობიდან გამომდინარეობს მერყეობს. ამ კლასიკური მეთოდოლოგიის დათვლით და იმ ინფორმაციით, რასაც გვაწვდიან, ეს ბიზნესი 3-5-10-წლიან პერსპექტივაშიც არის სრულიად ზარალიანი. თუ რეალურად ჩადო მან 6.5 მლრდ დოლარი, მისი ფინანსური ზარალი ადის ერთიდან 4 მილიარდამდეც. ამიტომ ცუდია“, - განმარტა ნიკოლოზ ალავიძემ.

ალავიძე მიიჩნევს, რომ ეს პროექტი „ამ სახით უნდა შეჩერდეს“. მისი თქმით, შესაძლებელია ტაქტიკური პაუზა აიღოს სახელმწიფომ.

„ჩვენ [მოქალაქეები] ვართ ამ 33%-იანი წილის თანადამფუძნებლები და მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, საიდან მოედინება ეს კაპიტალი, თუნდაც ის 33 მილიონი და რა სახითაა ეს კაპიტალი მოსული. პირველ ტრანშს რა სტრუქტურა ჰქონდა? სესხი იყო? კაპიტალის შევსება? ამის უკან რამდენიმე კომპანიაა, რომელიც სტატისტიკურად მშპ-ში აისახება, მაგრამ უკვე ერთიანი ეროვნული შემოსავლის ნაწილში არ აისახება, გადის უკან, არაფერს არ ტოვებს. მარტო მელნის კვალი გვრჩება, ამიტომ ეს პროექტი ამ სახით უნდა შეჩერდეს“, - დასძინა მან.

ცნობისთვის, Eagle Hills-ი 2025 წლის IV კვარტალში უმსხვილესი ინვესტორი კომპანიების TOP-10-ეულში მოხვდა. იმის შესახებ ინფორმაცია თუ რა მოცულობის ინვესტიცია ჩაიდო ამ კომპანიაში კომერციული საიდუმლოებაა, თუმცა ცნობილია, რომ საქსტატი "იგლ ჰილსში" ჩადებულ ინვესტიციებს აღრიცხავს როგორც მშენებლობის სექტორში განხორციელებულ ინვესტიციას, ხოლო სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის IV კვარტალში მშენებლობის სექტორში შემომავალი საინვესტიციო ნაკადები 33 მილიონ დოლარს შეადგენდა.

"იგლ ჰილს საქართველო" 2025 წლის 28 აპრილს დაფუძნდა. მისი მფლობელი და დამფუძნებელი არის იგლ ჰილს დეველოპმენტ ჰოლდინგს ლიმიტედი, რომელიც თავის მხრივ ეკუთვნის ასევე UAE-ში რეგისტრირებულ Jaona Investment LLC-ის, რომლის დამფუძნებელი და მესაკუთრე არის მილიარდერი მოჰამედ ალაბარი. კომპანიის გენერალური დირექტორის პოსტს ეგვიპტის მოქალაქე ჰიშამ მოჰამედ იბრაჰიმ სოლიმანი იკავებს.

სახელმწიფო პროექტში უძრავი ქონებით, გონიოში არსებული 260 ჰექტარით და თბილისის მიმდებარედ არსებული 590 ჰექტარით შედის, ინვესტორმა კი უნდა მოამზადოს არქიტექტურული პროექტი და მოიზიდოს მისი განხორციელებისთვის საჭირო კაპიტალი, რაც წინასწარი შეფასებით 6.6 მილიარდ დოლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები