მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ეს ჰგავს მოროდიორობას“ – მიხეილ მირზიაშვილი პრემიერის განცხადებაზე, რომ ვმდიდრდებით

64679f1a35503
ელენე კვანჭილაშვილი
19.05.23 20:21
928
„ჩვენი ეროვნული პოლიტიკა იკითხება ჩვენს კონსტიტუციაში, ჩვენი ეროვნული პოლიტიკა იკითხება სოციოლოგიურ გამოკითხვებში – ჩვენი ეროვნული პოლიტიკა ძალიან დეტალურად არის გაწერილი ასოცირების შეთანხმების ხელშეკრულებაში – კანონის ძალის მქონე შეთანხმებაში, რომელსაც ხელს ორი მხარე აწერს და რომელიც, შესაბამისად, ორივე მხარის ინტერესს გამოხატავს. აი აქ არის გაწერილი ჩვენი ეროვნული პოლიტიკა და პოლიტიკოსებს, მათ შორის, პრემიერმინისტრს მოვუწოდებდი, რომ წაეკითხა“ – ასე გამოეხმაურა CDD-ის თავმჯდომარე და გამგეობის წევრი მიხეილ მირზიაშვილი ელენე კვანჭილაშვილის „ანალიტიკა“–ში პრემიერმინისტრის მიერ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებზე გაცემულ პასუხებს, სადაც მან არაერთხელ გამოიყენა ტერმინები ‘ეროვნულ ინტერესები’ და ‘ეროვნული პოლიტიკა’.

„ანალიტიკა“–ს ავტორისა და წამყვანის ელენე კვანჭილაშვილის კითხვას – რუსეთ–უკრაინის ომის ფონზე, როგორ ისმინება ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ საქართველოს მთავრობას მხოლოდ მოქალაქეების გამდიდრება და ეკონომიკა აინტერესებს – მიხეილ მირზიაშვილმა ასე უპასუხა: „ეს ჰგავს, ომის ტერმინით რომ ვთქვათ, მოროდიორობას – ცუდი გაგებით ოპორტუნისტობას – როცა სარგებლობ შენი მეგობრის სისუსტით და ცუდ მდგომარეობაში ყოფნით და მეგობარში არ ვგულისხმობ რუსეთს, ვგულისხმობ უკრაინას“.

მიხეილ მირზიაშვილი „ანალიტიკა“–სთან ამბობს, რომ მას გული წყდება მოხელეებზე, რომლებიც ევროინტეგრაციის საკითხებში არიან ჩართულები. „ისინი ძალიან დიდ ენერგიას დებენ ამ საქმეში. ბევრი ცოდნა აქვთ. მაგრამ ეს მათი ცოდნა, ევროპის თუ პარტნიორების ხედვა არ მიდის ამ პოლიტიკოსებამდე ან მიდის და შემდეგ ისინი, სხვა, არასწორ ინტერპრეტაციას გვაწვდიან“ – ამბობს მიხეილ მირზიაშვილი.

CDD-ის თავმჯდომარის თქმით, პრემიერმინისტრსაც და მთელს ხელისუფლებას ევროკავშირის წინაშე რეგიონალური უსაფრთხოების ფარგლებში აღებული აქვს ვალდებულება, რომ უსაფრთხოების საკითხები ევროკავშირთან იყოს თანხვდენილი და კოორდინირებული.

„ეს თემაც – ფრენებიც და ნაწილობრივ უვიზო მიმოსვლის თემაც – რეგიონული უსაფრთხოების საკითხია. მაშინ, როდესაც ჩვენს პარტნიორებს დაკეტილი აქვთ ცა და ეს ტენდენცია დაიწყო იმით, რომ ჯერ შეიზღუდა მასალების და ხომალდების მიწოდება, მერე შეიზღუდა მათი სერვისი და მერე დაიკეტა ცა რუსული ფრენებისთვის – ეს [რუსეთთან პირდაპირი ავიარეისების აღდგენა] ვერ იკითხება, როგორც ჩვენი ეროვნული პოლიტიკის რეალიზაცია“ – ამბობს მიხეილ მირზიაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები