მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ეს იდეა მაწუხებდა, გავუზიარე პრემიერ-მინისტრს" - მიხეილ ყაველაშვილი მასშტაბურ შეწყალებაზე

მიხეილ ყაველაშვილი

"ქართული ოცნების" არჩეული პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ამბობს, რომ ნათლისღების დღესასწაულზე 613 პატიმრის შეწყალება მისი ინიციატივა იყო, რომელიც ირაკლი კობახიძეს გაუზიარა და უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, საკითხზე მუშაობა დაიწყეს. ამ საკითხზე ყაველაშვილმა "იმედის კვირაში" ისაუბრა.

კითხვაზე აპირებს თუ არა მომავალშიც გამოიყენოს შეწყალების დისკრეცია, მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ ეს პროცესი მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება.

„როცა ამირჩიეს, ეს იდეა მაწუხებდა, გავუზიარე პრემიერ-მინისტრს და უფლებამოსილების ცნობის შემდეგ დავიწეთ ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობა. დარწმუნებული ვარ, გახარებული იქნებოდნენ ოჯახის წევრები, დედმამიშვილები, მშობლები, მეგობრები და ეს მამოძრავებდა, რომ ეს აქტი აუცილებლად უნდა განხორციელებულიყო პირველივე ეტაპზე. გახარებული და მადლიერი ვარ, რომ ეს აქტი განხორციელდა.

ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, რომ ბალანსი ყოფილიყო დაცული ერთი მხრივ ჰუმანურობასა და მეორე მხრივ საზოგადოებრივ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ პატიმრებზე, რომელთაც ჩადენილი აქვთ მსუბუქი დანაშაული და ასევე სასჯელის ძირითადი ნაწილი ვისაც აქვს მოხდილი. ამით ვიხელმძღვანელეთ და ეს პრინციპი იქნება დაცული შემდგომ ეტაპზეც“, - აღნიშნა ყაველაშვილმა.

მისი თქმით, შეწყალების გადაწყვეტილება პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სხვადასხვა სამთავრობო უწყებებთან კოორდინაციით მიიღო.

„საკმაო დრო გვქონდა, დაახლოებით სამ კვირაზე მეტი, რომ მიგვემართა უწყებებისთვის. ეს პრინციპი, რომელიც ჩვენ აღებული გვქონდა - მსუბუქი დანაშაულები და ვისაც მოხდილი აქვს ძირითადი სასჯელი, რა თქმა უნდა ინდივიდუალურ დონეზე ყოველი პატიმრის ქეისი იხილებოდა, მოთხოვნა ბევრად მეტი იყო, ვიდრე 613-ია. ყველა უწყებას ჰქონოდა თავისი პასუხისმგებლობა და ეს სამუშაო პროცესი დარწმუნებული ვარ მომავალშიც გაგრძელდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იუსტიციის სამინისტრო, პენიტენციური სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, უსაფრთხოების სამსახური და ასევე მთავრობის სხვა რგოლებიც, კოორდინაციაში იყვნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები