მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს იქნება ერთ-ერთი მძიმე არჩევნები.... თუმცა ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“ - დავით სიხარულიძე

დავით სიხარულიძე

„აშკარაა, მმართველი ძალაც თვლის, რომ ნორმალური და კეთილსინდისიერი არჩევნების პირობებში, შეუძლებელია ხელისუფლება შეინარჩუნონ“, - ასე აფასებს 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ შანსებს ატლანტიკური საბჭოს წევრი, აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩი დავით სიხარულიძე.

როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა, სწორედ ამიტომ, სახელისუფლებო პარტიამ რადიკალიზაციის და პოლარიზაციის გზა აირჩია, რაც „ემსახურება საზოგადოების გახლეჩას და შეიძლება, ქვეყნისთვის ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვეს“.

მიუხედავად ამისა, დიპლომატი მაინც ოპტიმისტურად არის განწყობილი.

„კრიმინალებით დაწყებული, სხვადასხვა საარჩევნო მანიპულაციით დასრულებული, სავარაუდოდ, ყველაფერს ვნახავთ ოქტომბრის არჩევნებზე. დასრულებული და ალბათ ეს იქნება ერთ-ერთი მძიმე არჩევნები, ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია, მოქალაქეების მაქსიმალური მობილიზაცია, თითოეული ხმის დაცვა, რათა მმართველი პარტია დიდი სხვაობით დამარცხდეს“, - ამბობს დავით სიხარულიძე.

„წერტილთან“ ინტერვიუში აშშ-ში საქართველოს ყოფილმა ელჩმა მწვავედ გააკრიტიკა ბიძინა ივანიშვილი და მმართველი პარტია „რუსული კანონის“ მიღების გამო, რომელიც ყველა საერთაშორისო პარტნიორის შეფასებით, საქართველოს ევროინტეგრაციის გზას აშორებს.

„ავტორიტარიზმს და კორუფციას, განსაკუთრებით კი, კლეპტოკრატიულ ავტორიტარიზმს, რომლის მშენებლობაც ახლა მიმდინარეობს და რომელიც ყველაზე სახიფათო და დამღუპველია ქვეყნისთვის. მმართველობის ეს რეჟიმი, თავისუფლების მოყვარე ადამიანებს გააქცევს ამ ქვეყნიდან, ხოლო აქ დარჩენილ მოქალაქეებს კი დააჩაჩანაკებს. შედეგად, საქართველოს გახდება კლეპტოკრატიული კლანის მიერ მართული ქვეყანა, სადაც ადამიანებს საკუთარი პოტენციალის რეალიზების მინიმალური შესაძლებლობა აქვს“, - განაცხადა დავით სიხარულიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები