მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეს იქნება მიუკერძოებელი, წარმატებასა და განვითარებაზე ორიენტირებული დაფინანსება - სარჯველაძე NGO-ფონდზე

სარჯველაძე

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ NGO-ების დაფინანსების სამთავრობო პროგრამა იქნება მიუკერძოებელი, სუფთა წარმატებასა და განვითარებაზე ორიენტირებული დაფინანსებაც, თანამშრომლობაც და მუშაობა.

საქმე ის არის, რომ მთავრობა NGO სექტორისთვის ფონდს ქმნის, საგრანტო პროექტები ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ შესანიშნავი ინიციატივაა, რომელსაც რეალურად აქვს პოტენციალი, რომ ჯანსაღად, სწორად და სერიოზულად განავითაროს მესამე სექტორი საქართველოში.

"რეალურად, რასაც არასამთავრობო სექტორის განვითარება ჰქვია, სწორედ ამ გზით და ამ მეთოდით, ამ მექანიზმის გამოყენებით იქნება ყველაზე კარგად შესაძლებელი. ამიტომ რასაკვირველია, პირადად ჩემგან, როგორც მოქალაქისგან, სხვას რომ თავი დავანებოთ, რა თქმა უნდა, დიდი მხარდაჭერა აქვს ამ ინიციატივას და ვფიქრობ, რომ ეს არის ერთმნიშვნელოვნად სწორი და ერთმნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯი ამ თვალსაზრისით. უამრავი საკითხის მოწესრიგება სწორი კომუნიკაციის ფორმით იქნება შესაძლებელი, რისი გარანტიც, პრაქტიკულად, იქნება ახალი ინიციატივა და მექანიზმი, რომელიც ამ ახალი ინიციატივის შედეგად ჩამოყალიბდება. რაც შეეხება ოპოზიციის შეფასებებს იმასთან დაკავშირებით, რომ დამატებითი ულტიმატუმი იქნა წამოყენებული კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით, აქ უბრალოდ ლოგიკა იკარგება. რეალურად მათ თვითონ არ იციან, ამ კონკრეტული ინიციატივის მოწონების საპირწონედ, რატომ უნდა იქნეს დასმული საკითხი, რომელიმე კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით მით უმეტეს, რომ ვერსად და ვერც ერთ ეტაპზე რეალურად ვერ შეძლო ოპოზიციამ აეხსნა ქართული საზოგადოებისთვის, რატომ არის მიუღებელი გამჭვირვალობა და სამართლიანობა იმ სფეროში, რასაც ჰქვია სამოქალაქო სექტორი", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კითხვაზე, იქნება თუ არა ობიექტური მთავრობის მხრიდან დაფინანსებული ორგანიზაცია, მინისტრმა უპასუხა: "მე მგონია ბევრი რამ ითქვა, მათ შორის, როდესაც პრემიერ-მინისტრმა ეს იდეა წარადგინა, იმ წუთსვე იქნა ისეთი ატრიბუტი გაცხადებული, საიდან გამომდინარეც ყველასთვის ნათელია, რომ ეს იქნება ერთმნიშვნელოვნად მიუკერძოებელი, სუფთა წარმატებასა და განვითარებაზე ორიენტირებული დაფინანსებაც, თანამშრომლობაც და მუშაობა. ამ პრაქტიკას მიმართავს არაერთი ევროპული ძალიან მაღალგანვითარებული სახელმწიფო და ვფიქრობ, რომ ეს კარგი მაგალითია იმისთვის, რომ მესამე სექტორის ჩართულობითა და გამოყენებით, რეალურად წარმატებული გამოცდილება შეიქმნას".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები