მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გადახედავს თუ არა ჯანდაცვის ახალი მინისტრი DRG სისტემას? - სარჯველაძის პასუხი

ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის ახალი მინისტრის განცხადებით, DRG მოდელთან დაკავშირებით დარგთან და სამედიცინო საზოგადოებასთან აქტიური კონსულტაციები გაიმართება, იმისთვის, რომ ქვეყანამ და პაციენტებმა მათზე მორგებული მომსახურება მიიღონ.

ამის შესახებ უწყებაში დღეს პირველად მისულმა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტების შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც DRG მოდელის გადახედვის შესაძლებლობას შეეხებოდა.

„აუცილებელია დარგთან, სამედიცინო საზოგადოებასთან აქტიური კონსულტაცია, ყველა მოსაზრების მოსმენა და ამის მიხედვით საუკეთესო მოდელის მიღება, რომელიც ქვეყანას, თითოეულ პაციენტს წაადგება, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. მთავარი განმსაზღვრელი კი პაციენტის საუკეთესო ინტერესების მაქსიმალურად დაცვაა, ეს არის მთავარი ღერძი, რომელზეც ყველა შემდგომი გადაწყვეტილება დაშენდება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ცნობისთვის: სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების ახალი მოდელი 2022 წლის 1-ელი ნოემბრიდან ამოქმედდა. DRG, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, დაფინანსების ფართოდ აპრობირებული მოდელია, რომლითაც ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სამინისტრო, მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადაიხდის. დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზი, ასაკი, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და სხვა კრიტერიუმები განსაზღვრავს.

DRG სისტემის დანერგვის შემდეგ, სამედიცინო მომსახურების მიღებისას, პაციენტს, დამატებითი ხარჯების გაწევა აღარ მოუწევს. პაციენტი მხოლოდ იმ თანხას გადაიხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში თანაგადახდის წილი ითვალისწინებს.

DRG სისტემის დანერგვამ რიგი სამედიცინო დაწესებულებების და ექიმების პროტესტი, მისი შემოღების პირველივე ეტაპზე გამოიწვია.

ჯანდაცვის ახალი მინისტრის დანიშვნის შემდეგ კი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად, რომელსაც მინისტრმა ყურადღებას უნდა მიაქციოს სწორედ DRG მოქმედი მოდელის გადახედვა დაასახელეს.

"რეგიონული კლინიკების დიდი ნაწილი ზარალზეა" - რა ნაბიჯები უნდა გადადგას ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები