მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს სამშობიაროებსაც შეეხება" - როდიდან ამოქმედდება DRG სისტემაში თანაგადახდის კომპონენტი?

სარჯველაძე

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, DRG სისტემაში თანაგადახდის კომპონენტი ეტაპობრივად ამოქმედდება, რამდენიმე მიმართულებით კი თანაგადახდის შესაძლებლობა წლის ბოლომდე გაჩნდება - ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

"დადგენილება, რომელიც აუცილებელია, რომ საფუძველი შეექმნას კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემას, ამოქმედდება ახლო მომავალში, ფორმალური პროცედურები იქნება გასავლელი. რაც შეეხება შემდგომ, მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით საკითხების დარეგულირებას, ამაზე მუშაობა გაიხსნება და წლის ბოლომდე, 1 იანვრამდე, გვექნება რამდენიმე მიმართულებით გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები, როდესაც უშუალოდ, კონკრეტულად გაჩნდება ეს შესაძლებლობები კონკრეტულ მიმართულებებში.

ეს შეიძლება ეხებოდეს სახარჯ მასალებს ქირურგიული ოპერაციების დროს, იქნება ეს, მაგალითად, სტენტი თუ ნებისმიერი სხვა რამ, რისი გამოყენებაც შეიძლება სურდეს პაციენტს. ამის შესაძლებლობა ექნება უკვე წლის ბოლოდანვე. ეს შეიძლება ეხებოდეს პალატის, ექიმის დაქირავებას და ა.შ." - განაცხადა სარჯველაძემ.

ჯანდაცვის მინისტრს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი მიმართულებით ამოქმედდება თანაგადახდის კომპონენტი, თუმცა აღნიშნა, რომ გამონაკლისი არ იქნება სამშობიარო კლინიკებიც, სადაც პაციენტებს ასევე ექნებათ ამ სისტემით სარგებლობის შესაძლებლობა.

აღსანიშნავია, რომ DRG სისტემის ხარვეზებზე ჯანდაცვის სექტორი დიდი ხანია, საუბრობს. ექიმები აღნიშნავდნენ, რომ სამინისტროს მიერ დადგენილი ტარიფებისა და DRG-ის დაფინანსების მოდელის გამო, პაციენტები მაღალი ღირებულების მქონე მომსახურების არჩევის შემთხვევაში, დაფინანსების მიღმა რჩებოდნენ. თანაგადახდის კომპონენტი პაციენტებს სასურველი ღირებულების სერვისებით სარგებლობას, DRG სისტემიდან გამოუსვლელად მისცემს.

BMG-ის კითხვაზე, რატომ დასჭირდა თანაგადახდის კომპონენტის ამოქმედებას თითქმის ორი წელი და ხომ არ ნიშნავს ეს ჯანდაცვის სამინისტროსგან სისტემასთან დაკავშირებული ხარვეზების აღიარებას, მინისტრი აღნიშნავს, რომ აღნიშნული რეფორმის განხორციელებას სამინისტრო დიდი სიფრთხილით მოეკიდა.

"ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება დაგვიანებული არ გახლავთ, ვინაიდან, ჩვენ მოგახსენეთ, რომ ამ რეფორმის განხორციელებას ესაჭიროება ძალიან დიდი სიფრთხილე, იმ თვალსაზრისით, რომ თანაგადახდა პაციენტისთვის ტვირთი არ გახდეს. ამას, რა თქმა უნდა, სჭირდება საკმაოდ სერიოზული მუშაობა და საფრთხეების დაზღვევა, უამისოდ, რა თქმა უნდა, ვერ განხორციელდება ვერანაირი თანაგადახდა დაზღვეული, თუ ის არ იქნება დაზღვეული, რომ ბოროტად გამოყენების არავითარი შესაძლებლობა არ რჩებოდეს.

ვერცერთ შემთხვევაში ვერ ვიტყვით, რომ ეს არის რაიმე ნაკლოვანების აღიარება. ამ შემთხვევაში საუბარია დამატებითი შესაძლებლობის გაჩენაზე. თუმცა სრული პასუხისმგებლობით შეიძლება ითქვას, რომ ყველა სერვისი, რომელსაც დღეს სახელმწიფო პაციენტს სთავაზობს და სტანდარტულ მომსახურებას წარმოადგენს, არის საერთაშორისო კარგი სტანდარტის დამაკმაყოფილებელი. თანაგადახდის შემოტანის მიზეზი ნამდვილად არ არის ის, რომ რაიმე დაეწუნებოდა რომელიმე სერვისს, რომელიც ანაზღაურდებოდა ქართული კანონმდებლობის მიხედვით, არსებული ჯანდაცვის სისტემის ფარგლებში", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

DRG-ის დაფინანსების მოდელზე სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე კლინიკები 2023 წლის 1 იანვრიდან გადავიდნენ. DRG სისტემის დანერგვის შემდეგ, სამედიცინო მომსახურების მიღებისას პაციენტს, დამატებითი ხარჯების გაწევა არ უწევს და მხოლოდ იმ თანხას იხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში თანაგადახდის წილი ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები