7 410 კვ.მ-ზე განთავსებული თერთმეტი საგამოფენო პავილიონი და 29 200 კვ.მ ღია გამწვანებულ სივრცე - ასეთია თბილისში მდებარე „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორია, რომელიც არამარტო საქართველოს, არამედ სამხრეთ კავკასიის რეგიონის წამყვანი საგამოფენო ცენტრია. ის მთელი წლის განმავლობაში ორგანიზებას უწევს და მასპინძლობს მრავალფეროვან ინდუსტრიულ გამოფენებს, ფესტივალებს, ბაზრობებს და ოფიციალურ ღონისძიებებს.
ორიოდე თვის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სწორედ „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე იგეგმება დეველოპერული პროექტის განხორციელება, რისთვისაც მფლობელებმა ბიზნესმენ მინდია საბანაძის შვილთან, ნოდარ საბანაძესთან ერთად მენეჯმენტ კომპანია - შპს „ექსპო ჯორჯია მენეჯმენტი 1958“ შექმნეს.
რა ტიპის თანამშრომლობა შედგა მხარეებს შორის და რას უნდა ველოდოთ უახლოეს წლებში წერეთლის საგამოფენო ცენტრის ტერიტორიაზე, დეტალებზე „ექსპო ჯორჯიას“ დირექტორმა რესან ქიქავამ გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას ისაუბრა.
„როგორი ტიპის პროექტები იქნება ჯერ უცნობია, ერთადერთი რაც დარწმუნებით მინდა ვთქვა არის ის, რომ ეს იქნება უკეთესობისკენ განვითარება“ - ქიქავა ამბობს, რომ სივრცე შინაარსობრივად არსებულ არქიტეტურულ გარემოსთან თავსებადი დარჩება, შენარჩუნდება რეკრეაციული და საზოგადოებრივი სივრცეები, კომერციული მოგებიანობის თვალსაზრისით კი სავარაუდოა, რომ ტერიტორიაზე სხვადასხვა ტიპის განაშენიანება დაიწყოს.
“ექსპოში მოვიდა ახალი პარტნიორი და იგეგმება პროექტებს განხორციელება. მნიშვნელოვანი იქნება ეს თვითონ ბიზნესისთვის და სივრცისთვისაც, რაღაცა სიახლე და სუნთქვა სჭირდებოდა ამ ტერიტორიას. მე სულ ვამბობდი, რომ ხუთჯერ დიდი რომ იყოს ჩვენი საგამოფენო სივრცე, შევძლებდით კიდევ უფრო კარგი პროექტების განხორციელებას. ჩვენ ჩვენი ფუნქციონირების პირობებში დავადასტურეთ ის, რომ შეგვიძლია დიდი პროექტების კეთება და ამ მასშტაბების გაზრდა. 40%-იანი ზრდა გვქონდა წინა წელთან შედარებით, ყველა გეგმას ვაჯობეთ და შეგვიძლია მეტის გაკეთება, მაგრამ ამისთვის აუცილებელია განვითარება. სხვა შემთხვევაში ერთი ადგილის ტკეპნაში ვიქნებით. რაც მე გავხდი დირექტორი იმ დღიდან მქონდა განვითარების იდეები, თუმცა რესურსის ნაკლებობიდან გამომდინარე ვერ ვაკეთებდით ამას, დღეს ასეთი ბიზნესმენის მონაწილეობა სწორედ ამის შესაძლებლობას გვაძლევს.
ჯერ დეტალები უცნობია როგორი ტიპის პროექტები იქნება, ერთადერთი რაც დარწმუნებით მინდა ვთქვა არის ის, რომ ეს იქნება უკეთესობისკენ განვითარება, არ გამოიწვევს ტერიტორიის დაკნინებას, ის მწვანე საფარი, საგამოფენო და საზოგადოებრივი სივრცეები რაც არის, მხოლოდ განვითარდება. ეს არის რაც ვიცით კონცეპტუალურად და დეტალები ალბათ მომდევნო ეტაპებზე გახდება ცნობილი.
შინაარსობრივის გარდა, ჩვენ კომერციულ ნაწილსაც უნდა შევხედოთ. უნდა დაემატოს კომერციული ნაწილიც. კომერციულად ადამიანების რაოდენობის მომრავლება მხოლოდ პოზიტიურია იმ ბიზნესისთვის, რომელსაც იქ აწარმოებ, მთავარია ეს მოხდეს იმის გათვალისწინებით რომ არცერთი ინტერესის მქონე პირი არ დაზარალდეს. ყველანაირი საფუძველი მაქვს იმის თქმის, რომ პირიქით მოხდება და მხოლოდ სასიკეთო ცვლილებები გვექნება.
რეკრეაციულ სივრცეს, პავილიონებს არანაირი საფრთხე არ ემუქრება, ეს არის მნიშვნელოვანი არქიტექტურული ნაწილიც, ძალიან კარგად ესმის ეს ბატონ მინდიასაც და ეს მიდგომა აქვს მასაც. ამ ეტაპზე მიდის შესწავლა რისი გაკეთებაა შესაძლებელი, მიდგომა არის ის რომ გაუმჯობესდეს და შეემატოს ახალი სიმძლავრეები. მისი განვითარება წლებთან არის დაკავშირებული. მთლიანად 10 ჰა-ია, აქედან 4-5 ჰა-ზეა განვითარებული პავილიონები და მწვანე საფარი, აქ არ მიდის საუბარი ცალკეული ნაგლეჯების განვითარებაზე, არამედ დიდ სურათში დიდი პროექტები და სწორედ ამაზე იქნება მუშაობა.“ - განაცხადა ქიქავამ.
კითხვაზე რამდენად თავსებადია საცხოვრებელი და სავაჭრო სივრცეები არსებობდა საგამოფენო ტერიტორიებზე და ხომ არ იგეგმება სამომავლოდ რელოკაცია, ქიქავა ამბობს, რომ ეკონომიკის განვითარების პარალელურად შესაძლოა ახალი საგამოფენო ცენტრები მასთან ერთად, ან მის ნაცვლად სხვაგან გაჩნდეს, თუმცა, ამ ეტაპზე აქტივების მფლობელთან თემაზე საუბარი არ ყოფილა.
„საგამოფენო სივრცეებს კარგად ეხამება სავაჭრო და კომერციული სივრცეები, ასევე სასტუმროები. ჩვენ გვაკლდა სასტუმრო, ასევე აკლია ადამიანების რაოდენობა. საცხოვრებელიც არაფერს არ ცვლის ამ კუთხით. ჩვენ ახლა გვაქვს საგამოფენო სივრცე ქალაქის ცენტრში. სადაც დავდივართ სხვა ქვეყნებში მსგავსი სივრცეები უმეტესად არის ცენტრიდან მოშორებით, აეროპორტების მიმდებარედ და ა.შ. ჩვენ ეს მოცემულობა გვაქვს, ამიტომ აქედან უნდა გამოვიდეთ,
ჩვენ ზოგადად ვსაუბრობდით იმაზეც, რომ საგამოფენო სივრცე შეიძლება მოშორებით გაკეთდეს. ბიზნესი ვითარდება, წინ მიდის და ქვეყანაში თუ ყველაფერი კარგად იქნება და ეკონომიკის მიმართულებით წინ ვივლით, შეიძლება დაგვჭირდეს ახალი საგამოფენო სივრცეებიც, შეიძლება ამასთან ერთად, შეიძლება ამის ნაცვლადაც. თუმცა ჩვენ ჯერ ამაზე საუბარი არ გვქონია, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე რაც ხელთ გვაქვს, ბიზნესი რომელიც მზარდია, გვყავს დიდი ინვესტორი რომელსაც აქვს იდეები და დარწმუნებული ვარ საუკეთესოდ განვითარდება.
აქტივების 100%-იანი წილის მფლობელია მინდია საბანაძე, რაც შეეხება საგამოფენო სივრცეს იქ არის დანაწილებული წილები.
ჯერ ინვესტიციებზე არ არის საუბარი, არ არის დათვლილი რადგან ძალიან საწყისი ეტაპია. ჯერ მიდის საუბარი იმაზე, რომ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამ სივრცისგან ისეთი, რომელიც იქნება კომერციულადაც საინტერესო და თან გამოიწვევს სივრცის განვითარებას იმგვარად, რომ საზოგადოებისთვისაც იყოს საინტერესო.“ - განაცხადა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას რესან ქიქავამ.