მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საკუთარ ხალხზე ძალადობა მიუღებელია და ამის წინააღმდეგ ხმა ყველამ უნდა ამოიღოს - რესან ქიქავა

რესან ქიქავა

"ექსპო ჯორჯიას" აღმასრულებელი დირექტორის, რესან ქიქავას შეფასებით, მთავრობის მხრიდან ევროპელი დიპლომატებისადმი დაფიქსირებული მიუღებელი დემარშის პირობებში, ქვეყანაში ძალიან რთული ვითარებაა შექმნილი, რომლის წინააღმდეგ ხმა ყველამ უნდა ამოიღოს. ამის შესახებ "ექსპო ჯორჯიას" აღმასრულებელი დირექტორი Facebook-ის პირად გვერდზე წერს.

“ორი დღის წინ გავაცილეთ პოლონეთის ელჩი, რომელმაც თითქმის ათი წელი გაატარა საქართველოში და მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ორმხრივ ურთიერთობებში. პოლონეთის კონსტიტუციის დღის და ელჩის გაცილებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას არ დაესწრო საქართველოს მთავრობის არცერთი წარმომადგენელი.

გუშინ ევროკავშირის კონცერტზე დარბაზის ის ნაწილი, რომელიც მთავრობისთვის იყო განკუთვნილი, ცარიელი იყო.

გარდა ამ ღია, ყოვლად მიუღებელი დემარშებისა, რეალობა არის შემდეგი:

1. საქართველოში ბოლო დროს მომხდარმა რამდენიმე პოზიტიურმა მოვლენამ (კანდიდატის სტატუსი, ფეხბურთელების ევროპის ჩემპიონატზე გასვლა, მზარდი ეკონომიკა) მნიშვნელოვნად შეცვალა საზოგადოების დამოკიდებულება მომავლის მიმართ, გაჩნდა ერთიანობის განცდა, რომელიც ასე ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანას.

2. ამ დროს, "მოწმენდილ ცაზე", ხელისუფლება, (და არა ვინმე სხვა!) აბრუნებს განსახილველად შარშან გახმობილ კანონპროექტს და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის, ყველა დასავლელი პარტნიორის პროტესტის მიუხედავად, ჯიუტად განაგრძობს მისი მიღების პროცედურას და ამტკიცებს, რომ მეორე მხარეს ყველა ან მოსყიდულია, ან უსამშობლოა, ან უღმერთოა, ან წაკითხულიდან შინაარსის გამოტანის უნარი არ გააჩნია.

3. იმ ფონზე, როდესაც პროტესტი არ წყდება, ორი დღის წინ პროტესტის მხარდამჭერი ადამიანების მიმართ დაიწყო მასშტაბური ტერორი. ურეკავენ პირადად მათ და მათი ოჯახის წევრებს, ხდება ჯგუფური თავდასხმები კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ. ყველას გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი რომ ოპერატიული ინფორმაციის და მხარდაჭერის გარეშე ამის გაკეთება შეუძლებელი იქნება. ზუსტად ვიცით რომ ხელისუფლება ამ ფაქტებზე სირაქლემის პოზიციაშია და გამოძიებას ჯერ არავინ დაუკავებია.

4. სამაგიეროდ ხელისუფლების მხრიდან გრძელდება აქტივისტების დაკავება, როგორც პირდაპირ ქუჩებში, ასევე მოხდა ერთის სახლიდან აყვანა, გაუგებარი ბრალდებით. ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ისმის ბოლშევიკური, რეპრესიული მუქარები.

ამ გარემოში არა აქვს მნიშვნელობა ვის რა “ჰგონია”, ვინ რას არქმევს ამ კანონს, ან ვინ რომელ მხარეს დგას ამ ბარიკადებთან. რაც ხდება, ეს ძალადობა საკუთარ ხალხზე, მათ მომავალზე, რისკი სამოქალაქო დაპირისპირების უნდა იყოს მიუღებელი ნებისმიერი საღად მოაზროვნე, ამ ქვეყნის მოყვარული ადამიანისთვის და ყველამ ხმა უნდა ამოიღოს ამის წინააღმდეგ.

ჯერ კიდევ არის დრო ყველაფრის გამოსასწორებლად“, - აცხადებს რესან ქიქავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები