მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ეს ისტორიული მომენტია" - ირაკლი კობახიძე ტაჯიკ კოლეგას შეხვდა

ტაჯიკეთში ვიზიტი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ კოჰირ რასულზოდას შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას ხაზი გაესვა ტაჯიკეთში საქართველოს პრემიერის ოფიციალური ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

პრესრელიზის თანახმად, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ უმაღლეს დონეზე განხორციელებული პირველი ვიზიტი ორმხრივ ურთიერთობებს ახალ ეტაპზე გადაიყვანს და დამატებით სტიმულს მისცემს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას. ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში და მრავალმხრივ ფორმატებში კოორდინაციის შემდგომი გაძლიერების მნიშვნელობაზე. პირისპირ შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებები გაგრძელდა გაფართოებულ ფორმატში, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ისტორიულად შეაფასა და საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების მზადყოფნა დაადასტურა.

„ეს ისტორიული მომენტია ჩვენი ქვეყნებისთვის. საქართველოს მთავრობის მეთაური პირველად გვეწვია ტაჯიკეთში და დარწმუნებული ვარ, რომ ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი თავი დაიწერება ჩვენი ურთიერთობების ისტორიაში. ჩვენს ხალხს შორის ურთიერთობა ყოველთვის ეფუძნებოდა ნდობას, პატივისცემასა და გულწრფელობას. ტაჯიკი ხალხის გულში განსაკუთრებული ადგილი უკავიათ ქართველებს ბუნების, მდიდარი კულტურისა და ტრადიციების გამო. ქართველი მეგობრების წვლილი ტაჯიკეთის მეცნიერების, ჯანდაცვის, მშენებლობისა და არქიტექტურის სფეროებში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ჩვენს ისტორიაში. ჩვენს შეხვედრას კიდევ ერთ მნიშვნელოვან დატვირთვას სძენს დუშანბეს ცენტრში ერთ-ერთი მთავარი გამზირის სახელწოდება. ჩვენს ქვეყნებს ყოველთვის კარგად ესმოდათ ერთმანეთის და დღეს ჩვენი საერთო მიზანია სერიოზული მუხტი მივცეთ ორმხრივ თანამშრომლობას ყველა მიმართულებით”, - აღნიშნა კოჰირ რასულზოდამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ტაჯიკეთის პრემიერს ქართული დელეგაციის უმაღლეს დონეზე მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ეს ისტორიული მომენტია. საქართველოდან უმაღლესი დონის პირველი ოფიციალური ვიზიტი ხორციელდება ტაჯიკეთში. ჩვენი ერები, ჩვენი ქვეყნები მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი ერთმანეთთან ისტორიული ტრადიციებით, მეგობრობით და ჩვენი პასუხისმგებლობაა, მაქსიმუმი გავაკეთოთ ჩვენი პარტნიორობისა და თანამშრომლობის გასაძლიერებლად.ჩვენ ამ მიზნისადმი ერთგულებას ვადასტურებთ. მინდა, მადლობა გადავუხადო ტაჯიკეთს საქართველოს ეროვნული ინტერესების ძლიერი მხარდაჭერისა და დაცვისთვის. მადლობა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისთვის, რასაც საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოსა და ტაჯიკეთის რესპუბლიკას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები გაფორმდა. დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონიას საქართველოსა და ტაჯიკეთის პრემიერ-მინისტრები დაესწრნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები