მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ეს იყო ძალიან მკვდარი ტურისტული სეზონი... კოვიდის ზამთარივით ცუდი" - გიდი

მარი თინაშვილი

“ცუდი ზამთარი იყო, კოვიდის პერიოდის ზამთარივით” - ასე შეაფასა გასული ზამთრის ტურისტული სეზონი Bm.ge-სთან ინტერვიუში გიდმა მარი თინაშვილმა.

მისი თქმით, წელს, ზამთრის პერიოდში არცერთი უცხოელი ტურისტი კონტაქტზე არ გამოსულა, მათ შორის არც ონლაინ დაჯავშნის გვერდებიდან. ასევე, მარტში დაგეგმილი ტურებიც გაუქმდა, ამ შემთხვევაში მიზეზი ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები და ფრენების გაუქმება იყო.

„ეს იყო ძალიან მკვდარი სეზონი, ჩემი პირადი გადმოსახედიდან. მე შარშან მახსოვს, რომ დეკემბერშიც საკმაოდ დატვირთული ვიყავი, იანვარშიც და თებერვალშიც. წელს თებერვალში მხოლოდ ერთი ერთდღიანი თბილისის ტური მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვარ მარტო ქართულ შემომყვან ტურისტულ კომპანიებზე დამოკიდებული, ვარ რამდენიმე ონლაინ პლატფორმაზე დარეგისტრირებული, საიდანაც ტურისტი კონკრეტულად ჩემთან, როგორც გიდთან გამოდის პირდაპირ ხაზზე. ფაქტობრივად, არც აქ ყოფილა ჯავშანი, წერილიც კი არ მოსულა, უბრალოდ დაინტერესებაც კი არ იყო გამოხატული მთელი ამ პერიოდის განმავლობაში”, - აღნიშნა გიდმა Bm.ge-სთან საუბრისას და დასძინა, რომ გასულ წელს ბევრი ტური ჰქონდა ინგლისიდან, თუმცა წელს იმ ტურისტულმა კომპანიამ, რომელთანაც ამ დრომდე თანამშრომლობდა, საქართველოში ტურისტი ვერ გამოგზავნა.

“წელს ზუსტად იმ ტურკომპანიამ საერთოდ ვერ გაყიდა საქართველოს პაკეტი და საერთოდ ვერ შემოიყვანა ხალხი ისევ და ისევ გეოპოლიტიკური ვითარების გამო, რაც ჩვენს სამეზობლოშია", - აღნიშნა მარი თინაშვილმა.

რაც შეეხება მოლოდინებს, მისი თქმით, გაზაფხულისთვის ჯავშნები აქვს, თუმცა რამდენად შენარჩუნდება, ამის თქმა უჭირს.

“აპრილი უკვე დაჯავშნილი მაქვს, მაგრამ ეს ჯავშნები ძირითადად გასულ წელს შემომივიდა. ასევე მაქვს დაჯავშნილი მთელი მაისი, ივნისი, სექტემბერი, ოქტომბერი. თუმცა აქ საუბარია იმაზე, რამდენად შენარჩუნდება ეს ჯავშნები, ეს არ ვიცით, იმიტომ რომ არ ვიცით როგორ განვითარდება მოვლენები”, - აღნიშნა მარი თინაშვილმა.

გიდის თქმით, მისი ჯავშნების 95% ევროპიდან და ამერიკიდან არის: “მე ევროპულ და ამერიკულ ბაზარზე ვმუშაობ, არ ვმუშაობ ისრაელზე და დუბაიზე. დუბაის ვიყენებ ჩემს შემთხვევაში როგორც შუა ფრენებისთვის”.

ცნობისთვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ტურიზმი პანდემიამდელ რეკორდულ მაჩვენებელს 2025 წელსაც ვერ დაუბრუნდა. ოფიციალური რიცხვების მიხედვით, გასულ წელს საერთაშორისო საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 6.2%-ით 6 456 064-მდე გაიზარდა. აქედან 5 521 886 ტურისტული ვიზიტი იყო, ხოლო 1 334 943 - ერთდღიანი. 2025 წელს საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი რუსეთიდან, სომხეთიდან და თურქეთიდან დაფიქსირდა. ხუთეულში იყო აზერბაიჯანი და ისრაელი. გასულ წელს ათეულში ვერცერთი ევროპული ქვეყანა ვერ მოხვდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები