მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ეს იყო გარედან თავსმოხვეული ორგანო" - კალაძე ანტიკორუფციულ ბიუროზე

კახა კალაძე

თბილისის მერის და "ოცნების" გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, ის უწყება, რომლის ფუნქციებიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცემა, ფორმალურად დამოუკიდებელი, მაგრამ რეალურად გარედან თავსმოხვეული სტრუქტურა იყო. კალაძის თქმით, ახალი მოდელი უზრუნველყოფს უფრო გამჭვირვალე და ეფექტიან საქმიანობას.

„ეს იყო გარედან თავსმოხვეული, ვითომ დამოუკიდებელი ორგანო, თუმცა რეალურად, აღნიშნული მიმართულება შევა აუდიტის სამსახურში და გააგრძელებს ამ ფორმით მუშაობას,“ - აღნიშნა კალაძემ.

მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები აუცილებელია და საქართველო ამ მიმართულებით პროგრესს აჩვენებს.

„ზოგადად, რეფორმების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო ამ მხრივ არის მოწინავე, გვაქვს წინ გადადგმული ნაბიჯები და ყველა შეფასებით, რომელიც დაფუძნებულია სამართლიანობაზე, ყველა საუბრობს იმაზე, რომ საქართველო დგამს ქმედით ნაბიჯებს, მიიწევს წინ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ამ მიმართულებით სვლა,“ - განაცხადა თბილისის მერმა.

შეგახსენებთ, 2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო სრულად უქმდება, ხოლო მისი ფუნქციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცემა.

ანტიკორუფციული ბიურო 2022 წლის 15 დეკემბერს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე შეიქმნა, ბიურო შეიქმნა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მისანიჭებლად, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული მე-4 პრიორიტეტული ამოცანის საფუძველზე.

რაჟდენ კუპრაშვილი თანამდებობას ბიუროს შექმნის დღიდან იკავებს.

გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ კუპრაშვილმა თანამდებობა დატოვა, რის საპასუხოდაც მან მედიასთან თქვა: "სანამ ეს უწყება იარსებებს, მისი ხელმძღვანელი მე ვიქნები".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები