მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ეს კანონი არსებობის უფლებას კი არ გვართმევს, არამედ - ღირსებას“ - იურისტი "რუსულ კანონზე"

იურისტი

იურისტი და კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არასამთავრობო ორგანიზაციებს და სხვადასხვა გრანტის მიმღებ ჯგუფებს საქმიანობას არ უზღუდავს, თუმცა ართმევს ღირსებას და ყველა მათგან ქვეყნის მოღალატის სტატუსს ანიჭებს. ამის შესახებ ის Facebook-ის პირად გვერდზე წერს.

„როგორც იურისტს ხშირად მეკითხებიან:

- ბოლოს და ბოლოს რისი კეთების შესაძლებლობას შეუზღუდავს ეს კანონი ერთობებს (ანალიტიკურს, პროფკავშირს, მომსახურების მიმწოდებელს, სახელოვნებო ერთობას, კლუბს და ა.შ.)?

პასუხი მარტივია: არაფრის!

მისი დამტკიცების შემთხვევაში, ყველა ამ ორგანიზაციას შეუძლია გააგრძელოს იმის კეთება, რასაც აქამდე აკეთებდა.

მაშინ, სად არის პრობლემა?

პრობლემა არის და თან უზარმაზარი პრობლემა. ერთობებს შეუძლიათ გააგრძელონ საქმიანობა, მაგრამ ერთი განსხვავებით, ყველა მათგანს საკუთარი ქვეყნის მოღალატე დაერქმევა.

ამგვარად, ეს კანონი არსებობის უფლებას კი არ გვართმევს, არამედ ღირსებას. ღირსებას გვართმევს უკლებლივ ყველას, ვისაც სხვა ადამიანებთან გაერთიანება და საერთოზე ზრუნვა გვსურს.

ეს კი უარესია. არაფერია იმაზე უფრო მძიმე, ვიდრე დამამცირებელი არსებობა. სჯობს ხმის ამოღება აგვიკრძალონ, ვიდრე ჩვენს სიტყვებს საკუთარი ხალხის მოღალატის სიტყვები დაარქვან.

ამიტომ დღეს რიგით ინტერესს კი არ ვიცავთ, არამედ ჩვენს მოქალაქეობრივ ღირსებას, ჩვენი ადამიანობის უფლებას იმას, რაზეც დგას ჩვენი სახელმწიფო“, - წერს ვახუშტი მენაბდე.

იურისტი BM.GE-სთან აცხადებს, რომ მმართველმა პარტიამ კანონი სასწრაფოდ უნდა გაიწვიოს და საუბარი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე უნდა დაიწყო, სადაც პირველი საკითხი ბარიერის დაწევა უნდა იყოს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ.

კანონპროექტი "გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით", უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული. კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად" მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს, მიუხედავად იმისა, რომელია მათი საქმიანობის სფერო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები