მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეს კანონი რუსეთში მოქმედი კანონის ანალოგია - სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე

ბენ კარდინი

აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ბენ კარდინის განცხადებით, ე.წ. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი წარმოადგენს რუსეთში მოქმედი კანონის ანალოგს და სწორედ მისგან არის შთაგონებული და ის მიზნად სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვას ისახავს.

ამის შესახებ სენატორმა კარდინმა განაცხადა სენატში მიმდინარე მოსმენაზე "ანტი-NGO კანონები და დემოკრატიის ჩახშობის სხვა მეთოდები", სადაც საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის საკითხსაც განიხილავენ. სხდომაზე სენატორთა კითხვებს არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" დირექტორი ეკა გიგაური პასუხობს.

"ბევრი წლის განმავლობაში, საქართველო ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ნათელი წერტილი იყო. მიმდინარე აპრილში, მასობრივი პროტესტის მიუხედავად, მთავრობამ მიიღო უცხოური გავლენის რეგისტრაციის შესახებ კანონი, რომელიც ძალაში მიმდინარე შემოდგომაზე შედის.

გასაოცარია, რომ ეს კანონი რუსული კანონის მოდელია. იმის გათვალისწინებით, რაც რუსეთმა საქართველოს გაუკეთა, დაუჯერებელია, რომ ისინი დაადგებოდნენ ამ გზას, რომელიც მთავრობას არასამთავრობოებისა და აქტივისტების მიზანში ამოღების საშუალებას აძლევს.

კანონის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების დაშინება და საბოლოო ჯამში, მათი ხმების ჩახშობა, ვინც მთავრობასთან უნისონში არ არიან. კანონის ინიციატორები და ქართული ოცნების მმართველი პარტია ღიად საუბრობდნენ საკუთარ განზრახვაზე და იმაზე, რომ სამოქალაქო საზოგადოების აქტორებს საკუთარ მტრებად განიხილავენ. [...]

კონგრესს და განსაკუთრებით, ამ კომიტეტს, აქვს პასუხისმგებლობა, მტკიცედ გადადგას საკანონმდებლო ნაბიჯები იმისთვის, რომ დაუპირისპირდეს ამ კანონის მოქმედებას და მხარი დაუჭიროს მამაც აქტივისტებს, რომლებიც მოწადინებული არიან შეინარჩუნონ დემოკრატია,"- განაცხადა სენატორმა ბენ კარდინმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები