მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეს კანონი, საქართველოს გადაიყვანს ევროპული გზიდან - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

მეთიუ მილერი

"ღრმად ვართ შეშფოთებულები, რომ ეს კანონპროექტი დააზიანებს საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობისთვის მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და საქართველოს გადაიყვანს ევროპული გზიდან " - ასე უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, მეთიუ მილერმა 15 აპრილს გამართულ ბრიფინგზე "უცხოეთის აგენტების" შესახებ დასმულ შეკითხვას.

კორესპონდენტის შეკითხვას, როგორ ეხმიანება ეს, ქართველი ხალხის და მთელი დასავლეთის მიერ დაგმობილი და მხოლოდ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი აგენტების კანონი საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობას, მილერმა უპასუხა:

"უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ კვლავაც ღრმად ვართ შეშფოთებულები, რომ ეს კანონპროექტი დააზიანებს საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობისთვის მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და საქართველოს გადაიყვანს ევროპული გზიდან. ასევე შეშფოთებული ვართ, რომ ეს კანონპროექტი წინაღობას შეუქმნის დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოქალაქეებისთვის მაღალი ხარისხის ინფორმაციის მიწოდებაზე. მაგრამ რადგან ეს ჯერ კიდევ კანონპროექტია, დღეს ამ საკითხს აქ დავტოვებ და არ ვილაპარაკებ იმ შედეგებზე, რაც მის კანონად გადაქცევას მოჰყვება".

გასულ კვირაში, მეთიუ მილერმა აშშ-ს მიერ სანქცირებულ 4 ქართველ მოსამართლესთან დაკავშირებით გამოძიებისკენ ოფიციალურ სტრუქტურებს მოუწოდა. ბრიფინგზე მეთიუ მილერს კითხვა დაუსვეს, ჰქონდა თუ არა რაიმე ტიპის კავშირი ამ თემაზე საქართველოს ოფიციალურ პირებთან.

"თქვენს მიერ ნახსენები სამი სანქცია ამოქმედდა იმ მანკიერი ფიგურების ანგარიშვალდებულების გასაძლიერებლად, რომლებმაც ისარგებლეს დაუსჯელობით და იმუშავეს საიმისოდ, რომ ძირი გამოეთხარათ კანონის უზენაესობისთვის და საქართველოს საზოგადოების ნდობისთვის მათი სასამართლო სისტემის მიმართ. რაც ეხება კომუნიკაციას საქართველოს მთავრობასთან, ჩვენ, ცხადია, მხარს ვუჭერთ მთავრობის მხრიდან იმგვარი ნაბიჯების გადადგმას, რომლებიც კორუმპირებული ფიგურების ანგარიშვალდებულების საკითხს შეუწყობს ხელს", - უპასუხა მილერმა.

გუშინ, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „აგენტების კანონს“. მისი განხილვა პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით გაგრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები