აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით ე.წ. რუსული კანონის მიღება ზიანს მიაყენებს სამოქალაქო ორგანიზაციებს და საქართველოს ევროპული გზიდან გადაახვევინებს. ამის შესახებ მილერმა სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველდღიურ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც უპასუხა კითხვას, თუ რა იქნება პოლიტიკა, იმ ფონზე, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს მთავრობისთვის შეშფოთების გაცნობის მიუხედავად, კანონპროექტი 8 აპრილს პარლამენტში დარეგისტრირდა.
„პოლიტიკა არის ის, რაც ნათლად განვაცხადეთ ჩვენ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომ ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ, რომ ამოქმედების შემთხვევაში ეს კანონპროექტი ზიანს მიაყენებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გასაუმჯობესებლად. ეს საქართველოს ევროპული გზიდან გადაახვევინებს და შეშფოთებულები ვართ, რომ კანონმდებლობა ხელს შეუშლის დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოქალაქეებისთვის მაღალხარისხიან ინფორმაციაზე წვდომის უზრუნველსაყოფად.
ახლა ეს ჯერ კიდევ კანონპროექტია, არ არის ამოქმედებული კანონით, ამიტომ, რაც შეეხება პოტენციურ შედეგებს ან რაიმე პოტენციურ ნაბიჯს, რომელიც შეიძლება გადავდგათ, მე ნამდვილად არ მსურს მათი წინასწარი განხილვა დღეს“, - თქვა მილერმა.
კითხვა დაისვა იმასთან დაკავშირებითაც, თუ რატომ არ კეთდება იგივე გზავნილი, რაც გასულ წელს, რომ კანონპროექტის მხარდამჭერი დეპუტატები დასანქცირდებიან, რაზეც მილერმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: „ჩვენ ახლა ნათლად ვაცხადებთ, რომ შეშფოთებული ვართ ამ კანონპროექტით. რაც შეეხება იმას, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ, თუ ის წინ წავა, განაგრძეთ თვალყურის დევნება. დღეს არაფერი მაქვს განსაცხადებელი“.
„რუსული კანონი“ და მისი ალტერნატივა - ბიუროზე 3 კანონპროექტი დარეგისტრირდა
რა წერია "ოცნების" მიერ ხელახლა წარდგენილ "რუსულ კანონში" - კანონპროექტი სრულად
მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტი ე.წ. რუსულ კანონს ვეტოს დაადებს