მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეს კანონი საქართველოს საგარეო კურსის სიმბოლოდ იქცა, მისი მიღება ქვეყნისთვის დამაზიანებელია - ქეთი ქვარცხავა "რუსულ კანონზე"

ქეთი ქვარცხავა

ბიზნესფედერაცია "ქალები მომავლისთვის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრის და BLC Law Office-ის დამფუძნებლის, ქეთი ქვარცხავას განცხადებით, პარლამენტში ინიციირებული ე.წ რუსული კანონი ევროკავშირის პრინციპებს ეწინააღმდეგება.

როგორც ქეთი ქვარცხავა BMG-სთან საუბარში აცხადებს, სწორედ ესაა მთავარი არგუმენტი, რის გამოც მისი შეფასებით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა არ უნდა მიიღოს.

მისი თქმით, ანალოგიურ კანონმდებლობაზე ევროკავშირის უარყოფითი პოზიცია უკვე ცნობილია, შესაბამისად, პარლამენტმა არ უნდა მიიღოს აღნიშნული კანონი.

ქეთი ქვარცხავას განცხადებითვე, თუკი საქართველოს ხელისუფლების რეალური მიზანია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმართებით მეტი გამჭვირვალობა იყოს მიღწეული, ეს არსებულ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანითაცაა შესაძლებელი.

„მთავარი მიზეზი, თუ რატომ არ უნდა მიიღოს პარლამენტმა გამჭვირვალობის შესახებ კანონი არის ის, რომ ეს კანონი საქართველოს საგარეო კურსის სიმბოლოდ იქცა. შესაბამისად, მისი მიღება, რა ფორმითაც არ უნდა იყოს ეს, ქვეყნისთვის და მისი იმიჯისთვის დამაზიანებელია.

შინაარსობრივად ეს პროექტი ძალიან ახლოს არის უნგრეთის მიერ შემუშავებული ანალოგიური გამჭვირვალობის შესახებ კანონისა, რომელიც უნგრეთს ევროსასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გააუქმებინეს. ევროსასამართლომ ამ საკითხზე 2020 წელს იმსჯელა და დაადგინა, რომ ის ეწინააღმდეგება ევროკავშირის შეთანხმებას, ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითადი თავისუფლებათა ქარტიის მუხლებს. შესაბამისად, უკვე ცნობილია ევროკავშირის მოსაზრება ამის შესახებ და ის არ შეიცვლება. ევროკავშირის პრინციპებს ვეწინააღმდეგებით და არ შეიძლება ასეთი კანონის მიღება.

რაც შეეხება ყბადაღებულ გამჭვირვალობას, თუკი ხელისუფლებას მიაჩნია, რომ საზოგადოებას მეტი გამჭვირვალობა სჭირდება არასამთავრობო სექტორთან მიმართებით, შეიძლება, რომ შესაბამისი ცვლილებები ა(ა)იპ-ების შესახებ კანონში შევიდეს და ამ ცვლილებით მოწესრიგდეს ეს საკითხი“, - განაცხადა ქეთი ქვარცხავამ.

ცნობისთვის, ბიზნესფედერაცია "ქალები მომავლისთვის" განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა არ უნდა მიიღოს. გაერთიანება პარლამენტს კანონპროექტის განხილვის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები