პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის მიერ „იმედის კვირაში“ გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება.
„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელს „ივანიშვილის თოჯინას“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციაში 78-ე მუხლის ჩანაწერის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებით ირაკლი რუხაძე ივანიშვილის თოჯინებს შორის დაწინაურდა.
„გუშინდელი სამარცხვინო ინტერვიუს შემდეგ ეს კაცი ივანიშვილის თოჯინებში დაწინაურდა! ის გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც ივანიშვილის დავალებით, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის ჩანაწერი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
ადამიანი, რომელსაც თავად ამერიკის პასპორტი აქვს და ევროპაში ცხოვრობს, საკუთარი ფულის გადასარჩენად და ივანიშვილის დავალებით, საკუთარი პროპაგანდისტული ტელევიზიიდან ჩვენს შვილებს არწმუნებს, რომ ევროპა ცუდია.
ეროვნული ინტერესების და ხალხის ღალატის ფასს ყველა პერსონალურად გადაიხდის!
დროის საკითხია და ეს დრო უკვე მოდის“, - წერს გიორგი გახარია.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენმა და ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ 14 ივლისს „იმედის კვირაში“ განაცხადა, რომ კონსტიტუციაში ევროინტეგრაციაზე ჩანაწერი სისულელეა.