მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ეს კონცეფცია ვერაფრით პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს" - განათლების ექსპერტის კითხვები დაანონსებულ რეფორმაზე

ქეთი ცოტნიაშვილი

უმაღლესი განათლების ექსპერტი ქეთი ცოტნიაშვილი მიიჩნევს, რომ უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია, რომლის პრეზენტაციაც გუშინ გაიმართა, ვერაფრით პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს.

როგორც ექსპერტი სოციალურ ქსელში წერს, უამრავი კითხვა არსებობს ამ კონცეფციასთან დაკავშირებით.

"20 იანვარს შეიქმნა უნივერსიტეტების რეფორმის კომისია, 9 თვის წინ. აი ამ დოკუმენტს გვასაღებენ განათლების სისტემის რეფორმის ეროვნულ კონცეფციად.

7 გამოწვევა ჩამოწერეს, რომლებიც წლების განმავლობაში სულ უფრო თავადვე გააღრმავეს. ამ გამოწვევებს საკუთარ პარტიულ დღის წესრიგზე მორგებული "გადაწყვეტის გზები" მიაწერეს და "ეროვნული კონცეფცია" დაარქვეს.

სად არის პრობლემების ანალიზის შედეგები? ეს 7 პრობლემა როგორ განისაზღვრა პრიორიტეტად? სად არის აქ წარმოდგენილი გადაწყვეტის გზების ოპტიმალურობის და ლოგიკის დასაბუთება?

როგორია ფაკულტეტების გადაჯგუფების და გაერთიანების პროცესის მართვის გეგმა?

ფაკულტეტები რომ "ტრადიციული ფუნქციის" მიხედვით უნდა გადანაწილდეს, ეს ტრადიციული ფუნქცია, ხომ გახსოვთ, დიადი საბჭოთა წარსულიდან მოდის. თანამედროვე გადააზრება დღევანდელი განვითარების და შესაძლებლობების გათვალისწინებით არ განიხილება? ასევე, აკადემიური და სამეცნიერო განვითარების მნიშვნელოვანი საფუძველი დღეს ინტერდისციპლინურობაა და არა აკადემიური სივრცის დარგებად დაჩეხვა.

ვინ გადაწყვეტს და შეაფასებს აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციას? (აქ რატომღაც ნაციონალური მოძრაობის დროინდელი ოპტიმიზაციის გამოცდილება მახსენდება) ვინ და როგორ დათვალა რომ თითო ნებისმიერ მიმართულებას მაინცდამაინც 1 სრული პროფესორი, 2-3 ასოცირებული და 10 ასისტენტ პროფესორი სჭირდება? თუ ეს არის საკადრო წმენდის ოპტიმალური გეგმა?

3+1 რომ უნდა იყოს დომინანტური მოდელი ეს რის ანალიზს ეფუძნება? რომელი დარგების ანალიზი გაკეთდა რომ ამ დასკვნამდე მიხვედით?

რუსთავში საუნივერსიტეტო კამპუსის გადატანის იდეა, რომელიც თბილისის განტვირთვად და რეგიონულ განვითარებად არის გასაღებული, თბილისის ცენტრალურ უბნებში უნივერსიტეტების შენობების პრივატიზებას და კერძო პირების ფინანსურ ინტერესებს ხომ არ ემსახურება? ფიზკულტურის უნივერსიტეტია ამის მაგალითი და დღეს ის კარგ მდგომარეობაში ნამდვილად არ არის. (წლების განმავლობაში შენობების გარეშე დარჩენილი სკოლების მაგალითიც გავიხსენოთ)

ყველა რეგიონში უნიფიცირებულად, მხოლოდ პედაგოგიკა და აგრარული მეცნიერებები რომ არის პრიორიტეტი ეს რა კვლევას ეფუძნება? ეს რანაირად შეიძლება იყოს რეგიონების განვითარების და მიმზიდველობის თვალსაზრისით სერიოზული განაცხადი?

სად არის ამ კონცეფციის შესრულების შესაძლებლობის ანალიზი?

სად არის ვადები?

სად არის და რამდენია ამ რეფორმის დასანერგად გამოყოფილი ბიუჯეტი?

კიდევ უამრავი კითხვა არსებობს ამ კონცეფციასთან დაკავშირებით - შინაარსობრივიც, კონცეპტუალურიც, ტექნიკურიც... პრეზენტაციაზე წარმოთქმულ ფრაზებს რომ აღარ ჩავუღრმავდეთ.

ესენი რიტორიკული კითხვები არ არის. ამ საკითხების საფუძვლიანი ანალიზი საშუალო დონის რეფორმის კონცეფციის ნაწილი უნდა იყოს, იმისთვის რომ საზოგადოებასთან განხილვის საფუძველი შეიქმნას და "ეროვნული კონცეფციის" განხორციელების თვალსაზრისით მინიმალური ანგარიშვალდებულება არსებობდეს.

ნიშანდობლივია, რომ საერთაშორისო თანამშრომლობებზე სიტყვა არაა ნახსენები.

ეს კონცეფცია ვერაფრით პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს და უგულებელყოფს უნივერსიტეტების ფუნქციონირების ფუნდამენტურ პრინციპებს.

P.S. ბოლოს რომ ამბობს, "ბევრად უფრო მარტივია კონცეფციის შემუშავება, ვიდრე მისი აღსრულებაო," აი ამ უვარგისი კონცეფციის წერას თუ 9 თვე დასჭირდა, მსგავსი არაკვალიფიციურობის პირობებში აღსრულება უფრო საშიშად გამოიყურება, ვიდრე რთულად და არარეალურად...", - წერს ექსპერტი.

ცნობისთვის, გუშინ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაცია გამართა. მისი თქმით, იგეგმება, რომ ერთი ფაკულტეტი იქნება შექმნილი მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში. ასევე, თბილისთან ერთად უნდა შეიქმნას მეორე ძირითადი საუნივერსიტეტო კერა და ეს არის ქუთაისი. ამასთან, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სკოლებში 11- წლიან სასწავლო პროგრამა იქნება, ბაკალავრიატი 3-წლიანი, მაგისტრატურა 1-წლიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები