მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ეს მეტყველებს რეჟიმზე“ - სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელის 2 წლით თავისუფლების აღკვეთაზე

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის შეფასებით, მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვება და მისთვის 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რეჟიმზე მეტყველებს. ამის შესახებ მან ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნინო სახელაშვილის მიერ გამოტანილი განაჩენის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. სალომე ზურაბიშვილია აცხადებს, რომ რეჟიმის მიმართ რაიმე მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. მან მზია ამაღლობელს "სიძლიერის უდიდესი ნიშანი" უწოდა.

"[მზია ამაღლობელის პატიმრობაში დარჩენა] ეს მეტყველებს რეჟიმზე. რომელსაც იმის უნარი არ აქვს, რომ უკან დაიხიოს, როდესაც არანაირი დანაშაული არ არსებობს და საზოგადოებამ თავისი სათქმელი თქვა, ამ რეჟიმს არანაირი გამბედაობა არ აქვს, არც იმის გამბედაობა, რომ თავისი ბოლომდე გაიტანოს და არც იმისი, რომ უკან დაიხიოს. რჩება ამ ნეიტრალურ ზონაში, საიდანაც ჰგონია, რომ გამოძვრება... ვერ გამოძვრება. ბრძოლა აქ არ დასრულებულა. ჩვენ ვნახეთ მზიას ტოტალური შემართება, რომელიც ძალიან დიდი იმედის მომცემია და ყველასთვის დიდი მაგალითია. ამას ეს ხელისუფლება ვერანაირად ვერ დაამარცხებს. ეს არ არის ის განაჩენი, რომელსაც ჩვენ ველოდებოდით, რომ განთავისუფლდებოდა მზია. ასეთ რეჟიმებთან არ შეიძლება რაიმე მოლოდინი გქონდეს, შეფასებებში უნდა ვიყოთ მშრალი და ვიცოდეთ, რომ ყველაფერს უნდა ველოდოთ და დავინახოთ სად არის სისუსტის ნიშნები, რომელიც აშკარად ამ პროცესის მსვლელობის დროს გამოჩნდა და სად არის სიძლიერის უდიდესი ნიშანი, რომელსაც დღეს მზია ამაღლობელი ჰქვია", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელს მზია ამაღლობელს დღეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა პატიმრობა 2 წლის ვადით მიუსაჯა. მოსამართლემ მუხლი სსკ 351 მუხლით გადაუკვაფიცირა, რაც წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ. აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა, შინაპატიმრობა 2 წლამდე ვადით და ასევე თავისუფლების აღკვეთა 2-დან 6 წლამდე ვადით.

მზია ამაღლობელს თავდაპირველად ბრალი “სისხლი სამართლის კოდექსის“ 353/1 მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც ითვალისწინებდა პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას, რაც 4-დან 7-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები