ბათუმში, პორტის მიმდებარედ 20 000 კვადრატული მეტრის ახალი რეკრეაციული სივრცე გაიხსნა. პარკი "სილქ როუდ ჯგუფმა“ გააშენა. პროექტის დიზაინსა და კონცეფციაზე საერთაშორისო კომპანიამ „მასუ პლენინგმა“ იმუშავა. ახალი რეკრეაციული სივრცე ბუნებრივად უკავშირდება ბათუმის ბულვარს.
პროექტის ფარგლებში შენარჩუნდა არსებული ხეები და დაირგო 200-ზე მეტი ადგილობრივი და უცხოური სახეობის 600-მდე ხე, 63 000-მდე ბუჩქი და ყვავილოვანი მცენარე. პროექტი მოიცავს პადელის კორტებს, ფეხბურთის მოედანს, გასართობ და დასასვენებელ სივრცეებს, საფეხმავლო და ველობილიკებს.
„ეს პარკი ჩვენი საჩუქარია ბათუმელებისთვის. პარკის ლანდშაფტის კონცეფცია „სილქ თაუერსის“ ტერიტორიაზე გაგრძელდება. ბუნებრივად მოხდება ბულვართან და პორტის პრომენადებთან გადაბმა. შეიქმნება ერთიანი საფეხმავლო სივრცე, სადაც ადამიანები თავისუფლად იმოძრავებენ. წლის ბოლოს დასრულდება იახტკლუბის მშენებლობაც. პარკი ჩვენი დიდი პროექტის, „სილქ თაუერსის“ საწყისი ეტაპი და განუყოფელი ნაწილია, რომელზეც ლეგენდარული იაპონელი არქიტექტორი კენგო კუმა და მისი სტუდია მუშაობს. დარწმუნებული ვართ, რომ ეს მასშტაბური პროექტი დამატებით ხიბლს შემატებს ქალაქს და გახდება ბათუმის სავიზიტო ბარათი“, - განაცხადა „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა.
ახალი პარკი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა "სილქ როუდ ჯგუფის" დამფუძნებელთან გიორგი რამიშვილთან ერთად დაათვალიერა.
"რეგიონის განვითარების ფარგლებში, მნიშვნელოვანია რეკრეაციული და სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცეების შექმნა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს სივრცეც გახდება ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი, არა მარტო ბათუმელებისთვის, არამედ დამსვენებლებისთვის და ტურისტებისთვის,“ - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
"სილქ როუდ ჯგუფის" ინფორმაციით, ახალი პარკი მასშტაბური პროექტის Silk Towers-ის საწყისი ეტაპი და მნიშვნელოვანი ნაწილია. პროექტზე იაპონური არქიტექტურული კომპანია Kengo Kuma and Associates მუშაობს. მრავალფუნქციური კომპლექსი აერთიანებს აპარტამენტებს, უმაღლესი კლასის სასტუმროს, ღონისძიებების სივრცეებს, კომერციულ ზონებს, კაფე-რესტორნებს, იახტ კლუბსა და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ობიექტებს.
პროექტის საინვესტიციო ჯამური ღირებულება დაახლოებით 700 მილიონი აშშ დოლარს შეადგენს.




























