მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეს ქალაქი ყველასია და იმისთვის ვმუშაობთ, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს უკეთესი - კალაძე

მერი

„პოპულისტური განცხადებები და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა არავის კარგს არ მოუტანს“, - თბილისის მერი კახა კალაძე მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატის, გიორგი ვაშაძის განცხადებას, თითქოს, თბილისის მერია სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით კომპანია „სისტრას“ რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს.

მისი შეფასებით, გიორგი ვაშაძემ დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებ არაფერი იცის. შესაბამისად, მისი მხრიდან მსგავსი განცხადებების გაკეთება არასწორია.

„აღნიშნული თემით პოპულისტური განცხადებების გაკეთება და საზოგადოების სიცრუეში შეყვანა პოზიტივს არავის მოუტანს. მას წარმოდგენა არ აქვს სატრანსპორტო პოლიტიკა რა არის, რა უნდა გაკეთდეს ამ მიმართულების მოსაწესრიგებლად. მგონია, რომ პოლიტიკოსმა ეს დეტალები არც უნდა იცოდეს. არსებობენ პროფესიონალი ადამიანები, რომელთაც განუხორციელებიათ მსგავსი რეფორმები, პროექტები და მივყვებით მათ. ჩვენ ახალს ვერ გამოვიგონებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, თუ ვინმეს აქვს შენიშვნა დედაქალაქში მიმდინარე სატრანსპორტო რეფორმების შესახებ, შეუძლია გამოხატოს, თუმცა შესაბამისი არგუმენტებით, დასაბუთებულად.

„მეგობრებო, თუ იცით რამე დამატებით, რასაც არ ვაკეთებთ და გასაკეთებელია, გვითხარით. პრობლემა არ არის არც თანამშრომლობა და არც შენიშვნების მიღება. ეს ქალაქი ყველასია და იმისთვის ვმუშაობთ, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს უკეთესი. უბრალოდ სხვაზე გადაბრალება და თითის გაშვერა არასწორია. გვითხარით ის, რაც იქნება არგუმენტირებული, კვლევებით დამტკიცებული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები