მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეს ქალაქი ყველასია - თუ რაიმე იდეა გაქვთ, მოგვაწოდეთ - კალაძე მოსახლეობას მიმართავს

თბილისის მერია

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალქის მოსახლეობას მიმართავს და მოუწოდებს, რომ თუ რაიმე იდეა აქვთ მიაწოდონ. ამის შესახებ მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი შეფასებით, მოსახლეობა კარგად ხედავს იმ ხელშესახებ ცვლილებებს, რომლებიც გამწვანებისა და გარემოს დაცვის მიმართულებით დედაქალაქში განხორციელდა. თბილისის მერმა დედაქალაქის განვითარების პროცესში ჩართულ ყველა პირს მადლობა გადაუხადა.

„იმ მოქალაქეებს კი, რომლებიც ნებსით თუ უნებლიედ, დამსახურებულად თუ დაუმსახურებლად გვაკრიტიკებენ, მინდა ვუთხრა: ეს ქალაქი ყველასია, სადაც უნდა ვიცხოვროთ ჩვენი შვილებით, ახლობლებით, მეგობარ-ნაცნობებით - თუ რაიმე იდეა გაქვთ, რომლის განხორციელებაც შესაძლებელია მოგვაწოდეთ, ერთად დავგეგმოთ, ვისაუბროთ, განვიხილოთ და ერთად გავხადოთ ჩვენი ქალაქი უფრო მწვანე, კომფორტული და ლამაზი.

აქვე მინდა, იმ მოქალაქეებს გადავუხადო მადლობა, რომლებიც დედაქალაქის მერიასთან თანამშრომლობენ. მათი სურვილითა და ძალისხმევით, განვახორციელეთ არაერთი ავტოფარეხის დემონტაჟი, სადაც რეკრეაციული სივრცეები და სპორტული მოედნები მოეწყო. მადლობა ეკუთვნით გამგეობებისა და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის, ასევე, „ეკოსერვის ჯგუფისა“ და „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს, რომლებიც დაუღალავად შრომობენ იმისთვის, რომ თბილისი იყოს უფრო გამწვანებული, სუფთა და მოწესრიგებული. შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში, მოქალაქეები ამ შრომას განხორციელებული პროექტებით კიდევ უფრო მეტად დაინახავენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ დღეს გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით დედაქალაქში მიმდინარე და განხორციელებული პროექტები შეაჯამა.

„დედაქალაქის ბიუჯეტის ზრდასთან ერთად, რა თქმა უნდა, გაიზარდა კონკრეტული, პრიორიტეტული მიმართულებების დაფინანსებაც, რაც საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება დედაქალაქის, როგორც ვიზუალურ მხარეზე, ისე მოქალაქეების ცხოვრების ყოველდღიურ ხარისხზე. მეტი გამწვანებული სივრცე, ტყე თუ სპორტული მოედანი, ავტომატურად ნიშნავს ჰაერის გაუმჯობესებულ ხარისხს, დასვენებისა თუ გართობის მეტ შესაძლებლობას, სიმშვიდესა და სილამაზეს ჩვენს დედაქალაქში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, რეკრეაციული სამუშაოების ჩასატარებლად მუნიციპალიტეტს დიდი ძალისხმევის გაღება უწევს გასხვისებული ტერიტორიების გამოსასყიდად.

„ჩვენთვის იმდენად პრიორიტეტულია გამწვანებული სივრცეების მოწყობა, მოსახლეობის საკეთილდღეოდ აღნიშნულ მოლაპარაკებებზე მივდივართ. ბევრი ტერიტორიის დაბრუნება მოგვიწია. ცუდი პრაქტიკა იყო. 2017 წლამდე ხდებოდა რეკრეაციული სივრცეების, სპორტული მოედნების გასხვისება, რომ შემდეგ სამშენებლო სამუშაოები ჩატარებულიყო. ასეთი იყო ვაკის პარკის, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია და ა.შ. ეს პროცესი დღესაც მიმდინარეობს. მაგალითად, დიღმის ტყე-პარკის ტერიტორია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები