საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის დირექტორი ირაკლი გალდავა მოელის, რომ ბირჟაზე ვაჭრობა ზაფხულის თვეებში უფრო გააქტიურდება, რადგან ჰესების გამომუშავება ამ პერიოდში იზრდება.
ნოემბერში ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავაჭრი ელექტროენერგიის ჯამური რაოდენობა მხოლოდ 483 ათასი კვტ.სთ ელექტროენერგია იყო, რომლის საშუალო ფასმა კვტ.სთ-ზე ლარებში 13.9 თეთრი შეადგინა. ბირჟაზე განთავსებული მონაცემების მიხედვით, წინა თვეში ბირჟაზე ვაჭრობა საერთოდ არ შედგა და გარიგებების დადება მხოლოდ 3 ნოემბრიდან განახლდა, თუმცა გაყიდული ელექტროენერგიის მოცულობა კვლავ მცირეა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობა ჯერჯერობით დეკემბერში არ ყოფილა.
"ეს არის გადამავალი ეტაპი და გარდამავალი მოდელი, რომლის მიზანიც არა ლიკვიდურობის უზრუნველყოფა, არამედ სწავლება, შეჩვევა და დაკვირვებაა. ეს რეალობა ალბათ ამ ეტაპზე მოსალოდნელიც იყო. ვგულისხმობ ბაზრის გახსნის ეტაპისთვის", - ამბობს გალდავა.
საქართველოს ენერგეტიკის ბირჟას, რომელმაც ფუნქციონირება 2024 წლის ივნისიდან დაიწყო ოთხი თანაბარი მოწილე ჰყავს: საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა; ელექტროენერგრტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი; საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია და საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია. ენერგეტიკულმა ბირჟამ ფუნქციონირება 2024 წლის პირველი ივლისიდან დაიწყო და ამ დროისთვის ბირჟაზე 21 კომპანია ვაჭრობს.
ექვსჯერ გადავადების შემდეგ, პირველ ივლისს საქართველოში ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი ამოქმედდა, რომელიც ითვალისწინებს დღით ადრე და დღიური ბაზრების ამოქმედებას შეზღუდულ და ნებაყოფლობით რეჟიმში, ხოლო საათობრივი დაბალანსების ვალდებულების, ასევე საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების ვადის გადაწევას 2025 წლის პირველ ივლისამდე.