მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ეს რეფორმების მწირი ჩამონათვალია“ - რა გააკეთა გიორგი ამილახვარმა 1.5-წლიანი მინისტრობის დროს?

განათლების სამინისტრო

განათლების მინისტრის თანამდებობიდან გადამდგარი გიორგი ამილახვარი ამაყობს, რომ მინისტრობის 1.5-წლიან პერიოდში განათლების სექტორში მისი ხელმძღვანელობით „ფუნდამენტური რეფორმები“ გატარდა. ამის შესახებ ის გადადგომის შესახებ გაკეთებულ განცხადებაში საუბრობს.

„განსაკუთრებულად ამაყი ვარ, რომ ერთად შევძელით და გავატარეთ ისეთი ფუნდამენტური და უმნიშვნელოვანესი რეფორმები, როგორებიც არის: ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალი დოკუმენტის შემუშავება, უპრეცედენტო სახელფასო მატება პედაგოგებისთვის, მასწავლებლის ეროვნული დღისა და პრემიის დაარსება, პროფესიული განათლების შეტანა სკოლებში, 100 სრულიად ახალი სკოლა ჩვენს მომავალ თაობას, კერძო-საჯარო პარტნიორობა პროფესიულ განათლებაში, გაორმაგებული სტიპენდია სტუდენტებისთვის, 27 000 სტუდენტისთვის დავალიანების განულება, ონლაინ განათლების რეფორმა, ახალი სადოქტორო სტანდარტის შემუშავება, 1-წლიანი სამაგისტრო და 3-წლიანი საბაკალავრო პროგრამების დაშვება, მასშტაბური პროექტის „სტუდ ფესტის“ განხორციელება სტუდენტებისთვის, უნივერსიტეტებში სტუდენტური კლუბების გაძლიერება. ეს იმ რეფორმების მწირი ჩამონათვალია, რაც ჩემს გუნდთან ერთად განვახორციელეთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას, ვინც გვერდით მედგა ამ დიდ ეროვნულ საქმეში“, - აცხადებს ამილახვარი.

ის მადლობას უხდის მის მოადგილეებსა და თანამშრომლებს და განათლების მინისტრად მუშაობას პატივად იღებს.

„განათლების სისტემა ერთი დიდი ოჯახია, რომელიც ემსახურება ყველაზე მთავარს ამ ქვეყანაში, ჩვენი მომავალი თაობების აღზრდას და მათ განათლებაზე ზრუნვას. დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ჩემს მოადგილეებს და მთლიანად სამინისტროს შემადგენლობას თანადგომისთვის, მხარდაჭერისთვის, მრავალი გათენებული ღამისთვის, ბრძოლისთვის, იმ დიდი რეფორმებისთვის, რომლებიც ერთად განვახორციელეთ. პატივი იყო ჩემთვის თქვენთან ერთად ქვეყნისა და ქართული განათლების სამსახურში ყოფნა

დაბოლოს, განსაკუთრებული მადლობა მსურს, გადავუხადო ჩვენს პედაგოგებს, მოსწავლეებს და მათ მშობლებს, სკოლების ადმინისტრაციას, პროფესორებს, სტუდენტებს, რექტორებს, მეცნიერებს. დიდი პატივი იყო მემსახურა თქვენთვის და მადლობას გიხდით ყველას თანადგომისთვის, რასაც მუდმივად ვგრძნობდი თქვენგან“, - წერია გიორგი ამილახვრის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები