NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი „ქართული ოცნების“ მიერ ე.წ. რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას ეწინააღმდეგება. როგორც სტოლტენბერგმა განაცხადა, საქართველომ უნდა იმუშაოს რეფორმებზე, რათა დაუახლოვდეს NATO-სა და ევროკავშირს.
„ვეწინააღმდეგები საქართველოს მთავრობის მხრიდან უცხოურ აგენტებზე ან უცხოურ გავლენაზე კანონმდებლობის ხელახლა შემოღების ნებისმიერ მცდელობას, ვინაიდან, ეს რეალურად საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების ძალისხმევას ეწინააღმდეგება.
საქართველომ უნდა იმუშაოს რეფორმებზე, რათა დაუახლოვდეს NATO-სა და ევროკავშირს. ამის შესახებ ევროკავშირიც საკმაოდ მკაფიოა.
საქართველოს, თბილისს, რამდენიმე კვირის წინ ვეწვიე და, რა თქმა უნდა, ჩემი ერთ-ერთი მთავარი მესიჯი იყო რეფორმების მნიშვნელობა, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება. ქართველმა ხალხმაც ნათლად განაცხადა, რომ მათ დემოკრატიული, აყვავებული მომავალი სურთ ევროპულ, ევროატლანტიკურ ოჯახში.
ასე რომ, ვშიშობ, რომ ნებისმიერი კანონს, რომელსაც ეს „უცხოური აგენტების” იდეა შემოაქვს, უარყოფითი გავლენა ექნება უამრავ მედიასაშუალებაზე, ზიანს მიაყენებს საქართველოს და ხელს შეუშლის მის ჩამოყალიბებას ძლიერ, დემოკრატიულ საზოგადოებად“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ცნობისთვის, ე.წ. რუსული კანონი, რომელიც, გასულ წელს, მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების შედეგად, პარლამენტმა ჩააგდო, "ქართულმა ოცნებამ" გუშინ ხელახლა დააინიცირა.