“ეს საქართველოსთვის ნამდვილად გადამწყვეტი კვირები იქნება”, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა და თქვა, რომ პრეზიდენტი კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს საკმაოდ აქტიურად უჭერს მხარს.
„ეს საქართველოსთვის ნამდვილად გადამწყვეტი კვირები იქნება, 8 ნოემბერს გაფართოების შესახებ პირველი ანგარიში გამოქვეყნდება და მიმდინარე წლის ბოლოს, დეკემბრის შუა რიცხვებში, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შესახებ. როგორც ვიცით, საქართველოს პრეზიდენტი გეგმავს რომ იყოს ძალიან აქტიური კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად”, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
ამასთანავე, ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველოს პოლიტიკური სპექტრი, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოება EU-სთან დაახლოებას უჭერს მხარს.
“როგორც ევროკავშირის ელჩი თბილისში, მე შევხვდი ყველა დაინტერესებულ მხარეს, ყველა პოლიტიკურ პარტიას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას, აკადემიურ წრეებს, მეცნიერებს. არავის, ვისაც კი შევხვდი არ განუცხადებია, რომ მხარს არ უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ყველას, ვისაც კი მე ვესაუბრე, როგორც მმართველი პარტიიდან, ისე ყველა ოპოზიციური პარტიიდან, ყველა ძალიან მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება”, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.