მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ეს [საწვავის გაძვირების] პირველი ტალღა იყო... ველით, მოზომილ ფასთა მატებას“ - ნავთობიმპორტიორთა კავშირი

საწვავი

ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვახტანგ იობაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში საწვავის გაძვირების მთავარი ფაქტორი, ირანში დაწყებული ომისა და შექმნილი ვითარების გამო, მსოფლიოში ნავთობის გაძვირებაა. „ფაქტორი არის ომის. მეტი არაფერი“, - განუცხადა BMG-ის ვახტანგ იობაშვილმა.

მსოფლიოში ნავთობის ფასების რეკორდული ზრდის ფონზე, საქართველოში საწვავი გაძვირდა. ქვეყანაში მოქმედ ე.წ. ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე ფასების კორექტირება 7 მარტიდან დაიწყო, რიგმა ქსელმა კი ღირებულება დღეს დააკორექტირა. ბოლო ცვლილების მიხედვით, რიგ სადგურზე ფასები 2-12 თეთრით არის გაძვირებული, ხოლო ზოგიერთ ქსელში დიზელის ფასის მატება 18 თეთრია. ამასთან, საქართველოში მოქმედ სადგურებზე ფასი უფრო მეტად დიზელის ტიპის საწვავზე გაიზარდა.

მისი შეფასებით, ბოლო დღეებში საქართველოში საწვავის ფასების ზრდის პირველი ეტაპი იყო და გაერთიანებაში დიზელის და ბენზინის მოზომილ გაძვირებას ელიან. ვახტანგ იობაშვილი თავს იკავებს იმის თქმისგან, როდის შეიძლება კიდევ შეიცვალოს ფასები და განმარტავს - რა დროს აკორექტირებენ კომპანიები ღირებულებას.

„კატასტროფულად იზრდება დიზელის საწვავზე მთელ მსოფლიოში ფასები, არამარტო ასე ვთქვათ ჩვენთან. ჩვენთან საწვავის ფასების მცირე არითმიაა, მაგრამ მთელ მსოფლიოში იზრდება.

მოგეხსენებათ, რომ ომის პროდუქტი არის დიზელი, ანუ საომარი ტექნიკა გადაადგილდება დიზელზე. აგერ ახლა ირანის ომი, აგერ უკრაინა. აქედან გამომდინარე, რყევები მთელ მსოფლიოში შეინიშნება. მაგალითად, სამხრეთ კორეამ აქციზის შეჩერება დააანონსა. დიზელი ყველგან გაძვირდა. დიზელი ის პროდუქტია, რომელზეც ჩვენს ქვეყანაში ფასმა გუშინ პირველად მოიმატა. ახლა ყველა ტიპის საწვავი გაძვირდება... როგორც გითხარით, ყველა კომპანიას ორკვირიანზე მეტი მარაგი არ გააჩნია. არც არის მიღებული, ასე ვთქვათ, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი მარაგები. საქმე ის არის, რომ ძალიან დიდ მარაგებს სჭირდება დიდი სანავთობო ტერმინალები. ამ დღეებში ეს [საწვავის გაძვირების] პირველი ტალღა იყო.

ჩვენ შემდეგი ორი კვირის განმავლობაში ყველა ტიპის საწვავზე მოზომილ ფასთა მატებებს ველით. თუმცა ჩვენ მოვლენებს წინ არასდროს არ ვუსწრებთ. რამდენ ხანში მოიმატებს, ეს არავინ იცის, იმიტომ, რომ ეს „პლატსზე“ არსებულ საერთაშორისო ფასზეა დამოკიდებული. ანუ რა იქნება ხვალ, ჩვენ არ ვიცით. არც კომპანიებმა არ იციან ეს. ეს მხოლოდ და მხოლოდ მაშინ გახდება ცნობილი, როცა კომპანიები „პლატსზე“ საწვავის შესყიდვას დაიწყებენ. აქედან გამომდინარე, თუ საწვავის შესყიდვები გაძვირდება, ყველა უნდა მიეჩვიოს იმ ფაქტორს, რომ საწვავი გასაყიდადაც გაგვიძვირდება. რადგან ჩვენ ვყიდულობთ დოლარზე და ვყიდით ლარზე. აი, ამას ისეთი ბალანსი სჭირდება და ამას ყოველდღიური მუშაობა სჭირდება, რომ იმის თქმა როდის გაძვირდება შეუძლებელია.

ამას ემატება დოლარისა და ლარის ურთიერთობა ერთმანეთში. გაძვირდება დოლარი, ბუნებრივია გასაყიდად გამიძვირდება“, - ამბობს ვახტანგ იობაშვილი და დასძენს, რომ ამ დროისთვის საწვავის ფასში ლარის კურსის ცვილილება ჯერ ასახული არ არის და გაძვირების მთავარი ფაქტორი ომით მსოფლიოში შექმნილი ვითარებაა.

BMG-ის კითხვაზე ამოიწურა თუ არა დღეს ნავთობიმპორტიორი ქართული კომპანიების მარაგები, ვახტანგ იობაშვილი პასუხობს, რომ ომის დაწყებიდან უკვე მეორე კვირაა დაიწყო. მეორე ფაქტორი კი ის არის, რომ საერთაშორისო სანავთობო ბაზრები, რომლებიც ადგენს პლატსზე ფასს, ის ჩვენ არ გვეკითხება, ხართ თუ არა მზად".

აღსანიშნავია, რომ აშშ-ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან, ანუ 28 თებერვლიდან მოყოლებული, გლობალურ ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლისა და მერყეობის მკვეთრი ტენდენცია ფიქსირდება. ამ პერიოდის განმავლობაში, ბარელი Brent-ის ფასი 72 დოლარიდან პიკურ 117 დოლარამდე გაიზარდა, რაც თითქმის 63%-იანი ნახტომი იყო.

ამჟამინდელი მდგომარეობით, ნავთობის ფასი შემცირებულია და ის 92 დოლარის ფარგლებში მერყეობს, რაც პიკურ ნიშნულთან შედარებით 21%-იან კორექციას წარმოადგენს, თუმცა თუ ომის საწყის პერიოდს შევადარებთ, მაინც 28%-იან ზრდას დავინახავთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები