"ეს ყოველივე სრულიად შეუთავსებელია ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებასთან" - ასე აფასებს ევროკავშირი სასამართლოს მიერ ტროტუარზე დგომისთვის აქციის მონაწილეებისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას.
ამის შესახებ ანიტა ჰიპერმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის მთავარმა პრესსპიკერმა "ევროსკოპის" კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.
"ის, რაზეც თქვენ საუბრობთ, სამწუხაროდ, არ არის ცალკეული შემთხვევა - ეს "ქართული ოცნების" იმ სისტემატური და განგრძობადი მცდელობების ნაწილია, რაც საქართველოში ნებისმიერი განსხვავებული აზრის ჩახშობასა და მშვიდობიანი დემონსტრანტების დაშინებას ისახავს მიზნად.
ჩვენ მკაფიოდ დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ აღნიშნული ქმედებები ძირს უთხრის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, ისევე როგორც კანონის უზენაესობას, და ეს ყოველივე სრულიად შეუთავსებელია ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებასთან", - განაცხადა ანიტა ჰიპერმა.
"ქართული ოცნების" მიერ შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში ინიციირებული და დამტკიცებული ცვლილების შემდეგ, გზის ხალხის სავალ ნაწილზე, ტროტუარზე შეკრების და მანიფესტაციის გამართვა, 5 დღით ადრე შსს-ის გაფრთხილების გარეშე, 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას, გამეორების შემთხვევაში კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
საპროტესტო აქციებზე ტროტუარზე დგომის გამო სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობა დღეს, 23 იანვარს, 5 ადამიანს შეუფარდა.




























