პანდემიის პერიოდში დაფუძნებული პრემიუმ სოუსების მწარმოებელი კომპანია “მალენტა” ქართული ბაზრის პოტენციალის ათვისებაზე მუშაობს და, მოთხოვნის ზრდასთან ერთად, ახალი საწარმოს აშენებასაც გეგმავს. კომპანიის კონცეფციასა და სამომავლო გეგმებზე BMG-სთან მისი დამფუძნებლები მარი კვერნაძე და ნანა ხომერიკი საუბრობენ.
“კომპანიის მთავარი კონცეფცია მომხმარებლამდე მარტივად გამოსაყენებელი, ჯანსაღი პროდუქციის მიტანაა, რომელიც მომზადებულ კერძს თუ სტარტერს პიკანტურ და უცხო გემოს ანიჭებს.
,,მალენტა"-ს კონკურენტებისგან, პირველ რიგში, ხარისხი და გემოების მრავალფეროვნება გამოარჩევს. ასევე, როგორც ხშირად გვეუბნებიან, გვაქვს ძალიან განსხვავებული დიზაინი. თუმცა აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ იდენტური სოუსები ფიზიკურად არ არის ქართულ ბაზარზე, ეს სრულიად ახალი და განსხვავებული პროდუქტია”, - ამბობს მარი კვერნაძე.
“მალენტა” ჟელე-სოუსების 8 სახეობას აწარმოებს, თუმცა სეზონურად ასორტიმენტი ფართოვდება და სხვადასხვა კენკრისგან დამატებით 4 სახეობას ქმნის. პროდუქციის რეალიზება სხვადასხვა ქსელურ მარკეტსა და ღვინისა და ყველის მაღაზიებში ხდება, ერთი ქილის ფასი კი, საშუალოდ, 15-20 ლარია.
გარდა ადგილობრივ ბაზარზე რეალიზებისა, კომპანია სოუსების ექსპორტსაც გეგმავს. ნანა ხომერიკის თქმით, ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია: “წლის ბოლოსთვის ვაპირებთ ჩვენი პროდუქციის ბალტიისპირეთის ქვეყნებში გაგზავნას. ეს ჩვენი პირველი გამოცდილება იქნება ექსპორტის კუთხით”.
კომპანიის თვიური წარმადობა 5000-მდე ქილაა, თუმცა მოთხოვნა იზრდება, რაც წარმოების ზრდასაც მოითხოვს.
“საშუალოდ, ამ ეტაპზე, თვის განმავლობაში 5000-ქილამდე ვაწარმოებთ, თუმცა მოთხოვნა იმატებს და, იმედი გვაქვს, გაიზრდება ეს ციფრიც. ახლო მომავალში საწარმოს აშენებას ვგეგმავთ, რომელშიც HACCP-ის სტანდარტები იქნება დანერგილი, რაც ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობას გაგვიადვილებს.
საქართველოში წარმოებისთვის საჭირო დანადგარების მოძიება, ფაქტობრივად, შეუძლებელია, რის გამოც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მწარმოებლებთან გვიწევს მოლაპარაკება, რათა საჭირო ტექნიკა შევიძინოთ. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები ევროპულ ქვეყნებთან, იტალიასთან, საფრანგეთსა და ჰოლანდიასთან გვაქვს”, - ამბობს ნანა ხომერიკი.
“მალენტა” 2021 წელს დამფუძნებლების ნულოვანი ინვესტიციით შეიქმნა. კომპანიის თანადამფუძნებელი ფინანსებზე ხელმისაწვდომობას კვლავ მთავარ გამოწვევად ასახელებს.
“ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა, ამ ეტაპზე, დაფინანსების მოპოვებაა, იმისათვის, რომ შევძლოთ საწარმოს მოწყობა. ამ ეტაპზე ვმუშაობთ პროექტზე და დიდი იმედი გვაქვს, სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის დახმარების”, - ამბობს მარი კვერნაძე.
“მალენტას” ამჟამინდელი საწარმო თბილისში მდებარეობს და 4 ადამიანს ასაქმებს. სეზონურად სოუსების წარმოებაში ადგილობრივი წარმოების ნედლეული გამოიყენება, ზამთარში კი იმპორტულ ხილსა და ბოსტნეულზე არიან დამოკიდებული.