ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა საქართველოსთვის მნიშვნელოვან გამოწვევად მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს ასახელებს. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, მნიშვნელოვანია, არჩევნები მანიპულაციის გარეშე და სამართლიანად ჩატარდეს.
მისი შეფასებით, მმართველი პარტიის მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის დაანონსება არადემოკრატიული და გასაკვირი სტრატეგიაა, რადგან "ქართულ ოცნებას" არჩევნებს წააგებინებს.
“ტექნიკურად ახლა ყველაზე დიდი გამოწვევა მთელი საქართველოსთვის არის მომავალი არჩევნები და როგორ ჩაივლის ის. “ქართული ოცნების” განცხადებებიდან ჩანს, რომ თუ საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებენ, სურთ ოპოზიციის თუ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის აკრძალვა. ეს დემოკრატიის საწინააღმდეგოა და სახელმწიფოს დე ფაქტო მიტაცება იქნება. ვფიქრობ, მოახლოებულ არჩევნებში უნდა უზრუნველვყოთ და ამაში დახმარება ევროკავშირს და დასავლელ პარტნიორებს შეუძლიათ, რომ არ იყოს მანიპულირებული, იყოს სამართლიანი და დემოკრატიული. ეს საუკეთესო რამაა, რისი გაკეთებაც ახლა შეგვიძლია”,- აღნიშნა ევროპარლამენტარმა, რომელიც თბილისში საერთაშორისო კონფერენციას - "გარდამტეხი წელი" ესწრება.
მას ჰკითხეს, რას შეიძლება უკავშირდებოდეს “ქართული ოცნების” ასეთი პოლიტიკა, რაზეც მარკეტა გრეგოროვამ განმარტა, რომ შესაძლოა, მათ უკრაინაში რუსეთის გამარჯვების მოლოდინი აქვთ.
“ვფიქრობ საინტერესოა, რაც წინა პანელზე ითქვა, რომ “ქართულ ოცნებას” კურსი არასდროს შეუცვლია, რადგან თავიდანვე ასე იყო. გულწრფელად არ ვიცი, ამას რატომ აკეთებენ, რადგან ვფიქრობ, ეს სტრატეგია მათ არჩევნებს წააგებინებს, რაც შესაძლოა, დემოკრატიისთვის კარგია, თუმცა გასაკვირია პარტიისგან, რომელსაც მოგება სურს. ჩემი პერსონალური მოსაზრებაა, რომ მათი ვარაუდით, რუსეთი უკრაინაში ომს მოიგებს მომდევნო თვეებში, ამიტომ სურთ გამარჯვებულის მხარეს იყვნენ. ამას არ დავუშვებთ, უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს.
ვფიქრობ, თუ არჩევნებზე იქნება მანიპულაცია, სამწუხაროდ, უნდა შევხედოთ ბელარუსის შემთხვევას, თუ რა მოხდა იქ. რა თქმა უნდა, ევროკავშირმა არ აღიარა ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტად და ჩვენ მხარს ვუჭერთ ოპოზიციას, რომელსაც ძირითადად სვეტლანა ტიხანოვსკაია წარმოადგენს და ასევე მთელ ბელორუსულ დემოკრატიულ სამოქალაქო საზოგადოებას ფინანსურად და დიპლომატიურად, ბელარუსი კი დავასანქცირეთ. ამიტომ, თუ საქართველოში იგივე მოხდა და ვიმედოვნებ, რომ ასე არ იქნება, მაშინ ეს პრეცედენტი არსებობს",- აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
ევროპარლამენტარს ასევე ჰკითხეს შესაძლო ინდივიდუალურ სანქციებზე, რაზეც აღნიშნა, რომ ეს წევრი ქვეყნების განსახილველია. მისივე თქმით, ჯერ კიდევ არის გამოუყრნებელი ბერკეტები.
"ვნახეთ, რომ გაწევრიანების მოლაპარაკებები შეჩერდა, ეს უკვე საკმაოდ ძლიერი ნაბიჯია. რაც შეეხება ინდივიდუალურ სანქციებს, ევროკავშირს ახლა ამის განხორციელება არ შეუძლია, ეს წევრი სახელმწიფოების საკითხია და ასევე, შეერთებული შტატების",- განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.