ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს, რომ წლევანდელი წელი ტურიზმის ინდუსტრიაში რეკორდული და ისტორიაში ყველაზე წარმატებული იქნება.
ტურიზმის სექტორმა ეკონომიკის სამინისტროში 24 მაისს გამართულ შეხვედრაზე „რუსული კანონის“ გაწვევის საკითხი დააყენა და ბიზნესი აქტიურად საუბრობს, რომ არსებული ვითარების ფონზე, ჯავშნები უქმდება.
BMG-იმ მარიამ ქვრივიშვილს ჰკითხა, როგორია მოლოდინები და რა პასუხი ჰქონდა უწყებას კერძო სექტორის წუხილებზე, რაზეც ქვრივიშვილი აცხადებს, რომ მიმდინარე წელს ამბიცია უცვლელია.
„რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორთან მუდმივი დიალოგი და ეს არის ჩვენი ყოველდღიურობა, მათ შორის, როდესაც ვსაუბრობთ მოლოდინებზე თუ არსებულ სამოქმედო გეგმაზე. გახსოვთ, რომ წლის დასაწყისში, ჩვენივე ინიციატივით მოვიწვიეთ სექტორი და წარვუდგინეთ სამოქმედო გეგმა, რომელიც გვქონდა ჩვენი ხედვით 2023 წელს რა მიმართულებები იქნებოდა პრიორიტეტული. ვიმსჯელეთ, იყო დიდი უკუკავშირი, რაც შემდგომ გავითვალისწინეთ, იმისთვის რომ სახელმწიფოს პოლიტიკა სრულად ყოფილიყო თანხვედრაში კერძო სექტორთა. გაერთიანებული ძალებით ჩვენ უფრო ეფექტურ შედეგზე გავდივართ ხოლმე.
დავინახეთ, რომ პირველი კვარტალი იყო განსაკუთრებით წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის. სასიხარულო იყო, რომ ანალოგიურად აფასებს კერძო სექტორიც პირველ კვარტალს. რეკორდული შემოსავალი მივიღეთ კვარტალის ჭრილში, 800 მლნ დოლარს გადააჭარბა, სრულად აღდგენა მოხდა ტურისტული ვიზიტების. ჩვენი ამბიცია მიმდინარე წელს უცვლელია და ვამბობთ, რომ წლევანდელი წელი ტურიზმის ინდუსტრიაში იქნება რეკორდული და ყველაზე წარმატებული ისტორიაში“,- თქვა მარიამ ქვრივიშვილმა.
კითხვაზე, მიმდინარე პროცესების ფონზე, აქვს თუ არა ნეგატიური გავლენის მოლოდინი, მარიამ ქვრივიშვილი ამბობს, რომ მისი მოლოდინი პოზიტიურია და შედეგს მათ შორის მეორე კვარტალის სტატისტიკა აჩვენებს.
„ჩვენ შეხვედრისას ღიად ვისაუბრეთ კერძო სექტორთან. ვთქვით, რომ ტურისტული ვიზიტების სტატისტიკა კვარტალში ერთხელ გვაქვს, შესაბამისად, ყველა ამოვდივართ რამდენიმე მონაცემიდან. ერთია, რომ ტურიზმს უნდა შევხედოთ ქვეყნის ჭრილში ზოგადად, როცა ვსაუბრობთ ქვეყანაში ჯავშნები უქმდება თუ არ უქმდება... რა თქმა უნდა, ნებისმიერი სასტუმროს უკუკავშირი, იქნება ერთი თუ შვილი, მნიშვნელოვანია, თუმცა მეორე მხრივ, ასევე გულწრფელად ვისაუბრეთ, რომ ტურიზმის შედეგებს ვნახავთ მეორე კვარტალის მონაცემების კვალდაკვალ, რომელსაც მოგვიანებით მივიღებთ. რა ციფრებიც გვაქვს, არის ფრენები, ყოველდღიურ და ყოველდღიურ რეჟიმში ვუყურებთ რამდენი მგზავრი შემოდის ქვეყანაში და რა არის უკვე დადასტურებული ფრენების რაოდენობა. მაგალითისთვის შემიძლია მოვიყვანო ის, რომ ზაფხულის სეზონზე ისტორიული მაქსიმუმის სიხშირის ფრენების შესრულდება - 13 000-ზე მეტი ფრენა. ასევე, აპრილ-მაისში ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვქონდა მგზავრთნაკადის, ავიაკომპანიების დატვირთულობის კოეფიციენტი საშუალოდ 7%-ით იყო გაზრდილი, მგზავრთნაკადის დაახლოებით 8%-ით. ესაა დინამიკა, რომელიც გვაძლევს საფუძველს, რომ ჩვენი მოლოდინები პოზიტიური იყოს“,- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.