პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტი საქართველოში არის დაახლოებით 25 მლნ ევრო, რაც მისი თქმით „ზღვაში წვეთია“, ამიტომ ქართველი ხალხი თავად დააფინანსებს იმ რეფორმებს, რაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით არის გათვალისწინებული. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის დაფინანსება მიმდინარე პროგრამების ნაწილში დაახლოებით 121 მლნ ევროა.
„დღემდე ვერ დავადგინე, ეს რა 120 მლნ-ია, ბიუჯეტში ეს ასე არ ჩანს...
ის საბიუჯეტო გრანტი, რომელიც არის დაახლოებით 25 მლნ ევრო - 70 მლნ ლარი 33 მილიარდიან ბიუჯეტში, ჩვენი ბიუჯეტის 0,2%-ია. ამ 70 მლნ ლარს ჩვენ გამოვნახავთ ჩვენი ბიუჯეტიდან და ქართველი ხალხი თავად დააფინანსებს იმ რეფორმებს, რაც საჭიროა ასოცირების შეთანხმების პირობების შესრულებისთვის“, - განაცხადა პაპუაშვილმა საზმაუს ეთერში და დასძინა, რომ საქართველოს „ამ საბიუჯეტო გრანტთან დაკავშირებით არანაირი საჭიროება არ აქვს“.
ცნობისთვის, დღეს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მთავრობა აჩერებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას 2028 წლამდე და “ყველა ვალდებულებას შევასრულებთ საკუთარი დაფინანსებით, EU-ის დახმარების გარეშე”.
თუმცა, ევროპულმა საბჭომ 2024 წლის 27 ივნისს განაცხადა, რომ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის შედეგად, ევროკავშირში მისი გაწევრიანების პროცესი “დე-ფაქტო შეჩერდა”. 17 ოქტომბერს კი, ევროპულმა საბჭომ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია და მოუწოდა საქართველოს, გაეტარებინა დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, რომლებიც ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისია. ამასთან, ევროკავშირის ლიდერებმა უკვე მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეწყვეტის შესახებ.