ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრებს კიევში ჩასვლისთვის მადლობას უხდის.
“მაშინ, როცა ჩვენს მიწაზე რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შემოჭრის გამო, უკრაინა ბევრმა ელჩმაც კი დატოვა, ამ პატივცემულ ადამიანებს - დამოუკიდებელი ევროპული სახელმწიფოების ლიდერებს არაფრის ეშინიათ“, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა მათთან შეხვედრის შემდეგ და სამივე ქვეყანას უკრაინისადმი გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
„ეს არის დიდი, გაბედული, სწორი და მეგობრული ნაბიჯი. დარწმუნებული ვარ, ასეთ ქვეყნებთან, მეზობლებთან და პარტნიორებთან ერთად ჩვენ ნამდვილად შევძლებთ გამარჯვებას. რაც მთავარია, აბსოლუტურად ვენდობით ამ ქვეყნების ლიდერებს და ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ უსაფრთხოების გარანტიებზე, ჩვენს მომავალზე ევროკავშირში ან ვსაუბრობთ სანქციების პოლიტიკაზე, 100%-ით ვიცით, რომ ყველაფერი, რასაც განვიხილავთ, რეალურად მიაღწევს პოზიტიურ მიზანს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი უსაფრთხოებისთვის და ჩვენი მომავლისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.




























