„ოპოზიცია ვერ ხვდება, რომ სტრატეგიული გადაწყვეტილება აქვს მისაღები - ან ყველამ უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, ან კიდევ ყველამ უნდა თქვას, რომ არცერთი პარტია არ მიიღებს მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში“, - ფსიქოლოგმა მარინა ჩიტაშვილმა ოპოზიციური პარტიების მდგომარეობა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ შეაფასა. მისი თქმით, ოპოზიცია მოქმედებს პრინციპით „ან ყველაფერი ან არაფერი“ და არ ცდილობენ, ერთიანობით ეტაპობრივი გამარჯვების მიღწევას.
- პროევროპული, უწყვეტი პროტესტის ლიდერები ოპოზიციური პარტიები არ იყვნენ და ვერც გახდნენ. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე დაწყებულმა დისკუსიამ კი, კიდევ უფრო დაქსაქსა ისინი. რა დიაგნოზს დაუსვამდით ოპოზიციურ პარტიებს და სად არის მათი ადგილი?
- საპარლამენტო არჩევნებამდე, დაახლოებით, 2-3 თვით ადრე, როცა მკითხეს, სად არის ყველაზე სუსტი წერტილი ქართულ პოლიტიკაში, ვუპასუხე: ეს ბევრს ეწყინება, მაგრამ ჩვენ ქვეყანაში რეალური პოლიტიკური ოპოზიცია არ არსებობს...
- დღესაც იგივე აზრზე ხართ?
- დიახ, დღესაც იგივე სიტუაციაა. უბრალოდ, ახლა ეს კრიზისი კიდევ უფრო ღრმად ჩანს.
- რატომ ვერ ახერხებს ოპოზიცია გაერთიანებას?
- მთავარი პრობლემა ის არის, რომ ისინი ზუსტად იმ პრინციპით მოქმედებენ, როგორც აქამდე ხელისუფლებები თამაშობდნენ - „ან ყველაფერი ან არაფერი“. მათ სურთ, ერთბაშად მოიგონ ყველაფერი, მაგრამ არაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ეს გამარჯვება ნაბიჯ-ნაბიჯ, პატარა გამარჯვებებზე დააშენონ; როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ მეორედ შემოაბრუნა დღის წესრიგში ე.წ. „რუსული კანონი“, ეს იყო გარდამტეხი მომენტი - ოპოზიციას მაშინვე უნდა გაეაზრებინა, რომ მხოლოდ ქუჩის პროტესტით არჩევნებს ვერ მოიგებდნენ. პარლამენტში მეორედ შეტანილი კანონი ცხადად მიუთითებდა, რომ ქვეყანა გადადის ავტორიტარული რეჟიმისკენ და ეს იქნება ხანგრძლივი პროცესი, სადაც მოქმედება უნდა იყოს გეგმაზომიერი და სტრატეგიული. სამწუხაროდ, ოპოზიციას არავითარი რეალური გეგმა არ ჰქონია და დღესაც, მათ შორის მიმდინარეობს დებატები - მიიღონ თუ არა მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში... მე არ ვიცი, უნდა მიიღონ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, ეს ჩემი საქმე არაა, მაგრამ ვხედავთ, ოპოზიცია თვლის, რომ უნდა გააგრძელონ დებატები და იფიქრონ იმაზე, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა თუ - არა. ჩემი პროგნოზი ასეთია: საბოლოოდ ვიხილავთ ორად გაყოფილ პოზიციას - ნაწილი იტყვის, რომ მონაწილეობს არჩევნებში, ნაწილი - ბოიკოტს გამოუცხადებს არჩევნებს. ჩემი აზრით, ოპოზიციაში დღეს ვერ ხვდებიან, რომ სტრატეგიული გადაწყვეტილება აქვთ მისაღები - ან ყველამ უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, როგორც ერთმა პარტიამ, რათა რაღაცა წილი მაინც გამოგლიჯონ მმართველ პარტიას ადგილობრივ არჩევნებში და ეს მათ აიძულებს, ჩავიდნენ ადგილზე და დაელაპარაკონ მოქალაქეებს, ან კიდევ ყველამ უნდა თქვას, რომ არცერთი არ მონაწილეობს არჩევნებში. ეს იქნება მკაფიო გზავნილი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რომ „აი, რა დღეშია ოპოზიცია [საქართველოში], რომ მათ ბოიკოტი გამოაცხადეს“, მაგრამ ორივე შემთხვევაში, ოპოზიციას ერთიანი პოზიცია უნდა ჰქონდეს.
- რატომ ვერ ახერხებენ ოპოზიციური პარტიები და ლიდერები ერთიანობას?
- არ მინდა ამ თემაზე ვისაუბრო ძალიან მარტივი მიზეზის გამო - შეიძლება, შეფასებისას ისეთი რაღაც ვთქვა, რაც ეთიკურ სტანდარტს დამარღვევინებს, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი: ეს არის პოლიტიკური უმწიფრობა და მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვერ გავცდით პოსტსაბჭოთა ქვეყნის ტრანზიციის ფაზას. საქართველოში ინსტიტუციები სუსტია და როგორც კი ჩნდება ინდივიდი ან ჯგუფი, რომელსაც ძალაუფლების კონსოლიდაცია შეუძლია, ინსტიტუციები ამ დროს სრულად უძლური ხდება... შედეგად, მივიღეთ დაგეგმილი ძალაუფლების კონსოლიდაციის პროცესი: სასამართლოს დამორჩილება, მედიის შეზღუდვა, ცვლილებები ცესკოს დაკომპლექტების წესში და ა.შ. ამ ყველაფერს ემატება „აბსტრაქტული ეკონომიკური ზრდა“, რომელიც არ აისახება მოქალაქეების კეთილდღეობაზე. 3.5-მილიონიან ქვეყანაში, დაახლოებით, 700 000 ადამიანი სოციალურად დაუცველია - ასეთ ფონზე, რა აქვს გასაკეთებელი ოპოზიციას?! მე თუ ვარ რიგითი მოქალაქე, რომელიც ყოველდღიური ლუკმაპურის შოვნაზე ფიქრობს, სრულიად ბუნებრივია, ვიცხოვრო პრინციპით - "შეჩვეული ჭირი სჯობს შეუჩვეველ ლხინს", რადგან ლხინს, ჯერ ერთი, არავინ მპირდება, რადგან ჩემთან არავინ მოსულა და არ ულაპარაკია და მეორე, რაც მთავარია, რასაც ვუყურებ, ეს ადამიანები, ვინც ამბობენ, რომ ჩვენ უნდა შევცვალოთ ხელისუფლება - თანხმობისთვის ვერ მიუღწევიათ. მე თქვენ გეკითხებით - მე, როცა დაკავებული ვარ ყოველდღიური ლუკმაპურის შოვნით, ვიფიქრებ იმაზე, ამათ რა უნდა გააკეთონ?! ან ვენდობი მათ?!
- რას უნდა დაესვას წერტილი საქართველოში?
- ადამიანის უფლებების დარღვევას უნდა დაესვას წერტილი. ჩემთვის, როგორც ფსიქოლოგისთვის, ადამიანზე უფრო დიდი ღირებულება არ არსებობს. მისი ღირსების შეურაცხყოფა არის ყველაზე უფრო მძიმე დანაშაული და ადამიანების უფლებების დარღვევა - პატიმრობით დაწყებული, ინკლუზიური განათლებით დასრულებული, არის ის, რასაც უნდა დაესვას წერტილი და ხელისუფლება უნდა მოტრიალდეს საზოგადოებისკენ, რადგან მე თუ თქვენ ხმა არ მოგეცით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე საქართველოს მოქალაქე არ ვარ და თქვენ არ გევალებათ ჩემი უფლებების დაცვა.
- „ოცნება“ რატომ ჰყოფს ასე მოქალაქეებს?
- მარტივი მიზეზის გამო - მათი მიზანი ძალაუფლების კონსოლიდაციაა; მათ არ აინტერესებთ მეორე ადამიანი - ამას ადასტურებს გასული 6 თვე...
- „არაფერს აღარ აქვს აზრი“ - რას ეტყოდით იმ მოქალაქეებს, ვინც უწყვეტი პროტესტის 6 თვის თავზე, მიუხედავად გარკვეული შედეგებისა, ამ განწყობაზეა...
- ერთხელ როცა ასეთი კრიტიკული სიტუაცია იყო, ერთმა ძალიან ჭკვიანმა კაცმა, რომელსაც ეკავა მაღალი თანამდებობა, მითხრა: იყავით მშვიდად და იფიქრეთ.