იურისტ ვახუშტი მენაბდის შეფასებით, ქართულ ოპოზიციას მუშაობა არ უნდა. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრისას განაცხადა.
"ქართულ ოპოზიციაზე სანუგეშოს ვერაფერს ვიტყვი; მრჩება შთაბეჭდილება, რომ მათ უბრალოდ მუშაობა არ უნდათ; არ ვიცი, რატომ. შეიძლება ფიქრობენ, რომ ისედაც იოლად გავლენ, მაგრამ ამ ქვეყნის ისტორია ამის საპირისპიროს აჩვენებს“, - თქვა ვახუშტი მენაბდემ.
იურისტის შეფასებითვე, „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო პროტესტი, რომელიც ქვეყანაში თვეზე მეტია გრძელდება, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მეორე მხრივ, საჭიროა, რუტინული მუშაობა და ინსტიტუციონალიზებული პოლიტიკის კეთება, რომელიც სწორედ ოპოზიციის საქმეა.
„პოლიტიკურმა პარტიებმა მოქალაქეებში არსებული ბრაზის პოლიტიკად ქცევა უნდა უზრუნველყონ. მარტო იმის თქმა, რომ „ქართული ოცნება“ უნდა წავდეს, ამომრჩევლისთვის საკმარისი არ არის. საზოგადოებას სჭირდება კონკრეტული შეთავაზება, რატომ უნდა მისცეს ოპოზიციას ხმა, ვინ იქნება მინისტრთა კაბინეტში და ა.შ. ამიტომ ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა კეთილი უნდა ინებოს და კონკრეტული შეთავაზებებით წარდგეს ამომრჩევლის წინაშე“, - აღნიშნა ვახუშტი მენაბდემ „წერტილთან“ ინტერვიუში.
ამ თემაზე იურისტმა საკუთარი მოსაზრება სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა, რომელსაც BMG უცვლელად გთავაზობთ:
„ამომრჩეველში ბევრი წუხილია პარტიებზე. რამდენიმე კვირაა ვფიქრობ ამაზე და მინდა, გაგიზიაროთ. თან გზადაგზა შემხვდა მოსაზრება ოპოზიციის საერთო სიის შესახებ. ეს ნიშნავს, რომ, ამ არჩევნებისთვის, ისინი უნდა გაერთიანდნენ.
ჯერ ვთქვათ, რა არის მიზანი. მიზანი არის ისეთი პარტიული სისტემის შექმნა და შედეგად, ისეთი პარლამენტის დაკომპლექტება, სადაც არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ექნება დაუბალანსებელი ძალაუფლება. ავტორიტარული მართვის სისტემა უნდა შეიცვალოს და პარტიები ამის ნაწილია. კონსოლიდირებული ძალაუფლების ერთი მფლობელის უბრალოდ მეორით ჩანაცვლებამ სანამდე მოგვიყვანა ვხედავთ.
აქვე უნდა ითქვას, რომ არსებული საარჩევნო სისტემით პარტიული დაპირისპირების ორი მოდელი არსებობს:
1. ორ ცენტრს (ორ დიდ პარტიას შორის) შორის, სადაც ერთი ამარცხებს მეორეს და მართვის სრულ მანდატს იგდებს ხელში (კონსოლიდირებული ძალაუფლება);
2. დაახლოებით, 5 ძალას შორის, სადაც ერთპიროვნული მართვისთვის საჭირო მანდატებს ვერავინ აგროვებს.
რაც შეეხება გაერთიანებას, მეც მგონია, რომ გაერთიანება საჭიროა, ოღონდ არა მექანიკური, არამედ იდეების გარშემო.
მექანიკური გაერთიანება იქნებოდა, ყველა ან თითქმის ყველა ოპოზიციური ძალის გაერთიანება. ეს არც პოლიტიკური ღირებულებების თვალსაზრისით და არც ტაქტიკურად არ იქნებოდა სწორი. ამ პარტიებს არსებითად განსხვავებული ხედვები აქვთ ერთმანეთისგან (არ ვამბობ, რომ ყველას დეტალური პროგრამა აქვს მზად. ვსაუბრობ ზოგად წარმოდგენაზე), სრულიად სხვადასხვანაირად წარმოუდგენიათ ქვეყნის მოწყობა და მომავალი, ერთმანეთის მიმართ პრინციპული პრეტენზიები აქვთ (გასაგები და ბუნებრივია ესეც), ამიტომ მათი კავშირი მყიფე და არცთუ დამაჯერებელი იქნებოდა. ნდობას არ გამოიწვევდა ამომრჩეველში.
ნაძალადევი ერთობით ჰომოგენურ ძალასთან დაპირისპირება თავიდანვე არასწორი სტრატეგიაა. მით მეტეს, რომ ხელისუფლებისთვის იოლია ერთი ოპონენტი ჰყავდეს და მას ეპაექროს. პოლიტიკაში პრინციპი “ძალა ერთობაშია” მთლად მათემატიკურად არ მუშაობს. ეს ჩვენს გამოცდილებაშიც გვინახავს და სხვა ქვეყნებისაშიც, რომ ასეთ გაერთიანებებს არ უმუშავია.
მეორე მხრივ, ოპოზიცია ძალიან ფრაგმენტირებულია. არსებითად იდენტური პოლიტიკური ხედვის ადამიანები ლამის 2-3-კაციან პარტიებად არიან დაყოფილები. აქ ლაპარაკია იმათზე, ვის შორისაც არ არსებობს მნიშვნელოვანი იდეური განსხვავება, თორემ, ცხადია, ვინც შენი იდეოლოგიური მოწინააღმდეგეა, იმასთან არ უნდა გაერთიანდე.
თუ ახლა პოლიტიკურ ლანდშაფტს რამე სჭირდება, პირველ რიგში ასეთი, არსებითად ერთ იდეურ პლატფორმაზე მყოფი პარტიების ერთად დაჯგუფებაა. ამისთვის კი, საჭიროა (პირველადი ნაბიჯები):
1. გაერთიანება იდეების გარშემო.
ასეთი გამაერთიანებელი მხოლოდ ერთი წერტილი ვერ იქნება. აუცილებელია, რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ურთიერთკვეთა. საჭიროა კონკრეტიზაცია. ჩვენი საზოგადოება ბევრი ღრმა პრობლემის წინაშე დგას. ზოგადი “პროდასავლურობა”, ან პირიქით, ვერ გახდება გაერთიანების ერთადერთი კრიტერიუმი, ის მხოლოდ ერთ-ერთი ფაქტორი შეიძლება იყოს;
2. პოზიტიური დღის წესრიგი.
ამ გაერთიანებებმა უნდა იმუშაონ და ჩამოაყალიბონ საკუთარი ხედვა. უნდა დაფიქრდნენ, მათი გადმოსახედიდან, რა არის ის მთავარი პრობლემები, რაც მათ ამომრჩეველს აქვს და გამოსავალი შესთავაზონ. ამოცანა მხოლოდ ოცნების დამარცხება კი არ უნდა იყოს, არამედ ქვეყნის აშენება და უნდა დაამტკიცონ, რომ ეს ხედვის დონეზე მაინც შეუძლიათ;
3. ჩრდილოვანი კაბინეტი.
უნდა წარმოადგინონ არა მხოლოდ ხედვა, არამედ ის ხალხიც ვინც ამ პროგრამის განხორციელებაზე აიღებს პასუხისმგებლობას. ამომრჩეველმა უნდა იცოდეს ვინ ჩაუდგება სათავეში კონკრეტულ მიმართულებას და შეაფასოს რამდენად არის კანდიდატი შესაბამისი ამ საქმისთვის;
4. შიდა დემოკრატია.
ასეთი სუბიექტი არ უნდა იყოს ბელადის გარშემო გაერთიანება. როცა ის დემოკრატიას ჰპირდება ამომრჩეველს პირველ რიგში თავად უნდა იყოს დემოკრატიული; უნდა ეყრდნობოდეს საზოგადოებრივ ჯგუფებს; უნდა გააჩნდეს ამ ჯგუფების განწყობის პარტიულ მუშაობაში ასახვისთვის მექანიზმები, გამტარები. ამგვარად, ის უნდა იყოს ღია ინსტიტუტი, სადაც გადაწყვეტილების მიღების პროცესი ღიაა, გასაგებია ვის რა პოზიცია აქვს ამა თუ იმ საკითხზე და ამომრჩეველს შეუძლია ამ პროცესზე გავლენის მოხდენა.
ამომრჩეველი უნდა დარწმუნდეს, რომ მასზე ფიქრობენ. სამწუხაროდ, ამას ამდენი ხანი ნაკლებად აგრძნობინებდნენ, რის გამოც ბევრი ჩვენი მოქალაქე უნდობლობითაა განმსჭვალული პოლიტიკური სპექტრის მიმართ და მე აბსოლუტურად მესმის ეს უნდობლობა. თუ პარტიებს სურთ მხარდაჭერის მოპოვება უნდა იმუშაონ ამ უნდობლობის აღმოფხვრაზე.
საბოლოოდ, ასეთი გადაჯგუფება იმ თვალსაზრისითაც არის კარგი, რომ დაგვანახვებს ამ პოლიტიკურ მოზაიკაში რა სივრცეებია თავისუფალი. მე მაქვს განცდა, რომ არსებული პარტიული სიმრავლე სრულად ვერ ფარავს ვერც ჩვენი ამომრჩევლის ღირებულებებს, ვერც პოლიტიკურ გემოვნებას და ვერც საჭიროებებს. ამის შემდეგ კი, გამოჩნდება სად გვაქვს დანაკლისი და სად არის საჭირო შევსება“, - დაწერა ვახუშტი მენაბდემ სოციალურ ქსელში.